უსუფაშვილი ახალი მთავრობის დამტკიცებას ახალ წლამდე ვარაუდობს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის პარლამენტში დამტკიცებას მომდევნო კვირის დასაწყისში ელის.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ოთხშაბათს საღამოს გააკეთა ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე. იგი, პრეზიდენტის განკარგულებით, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრები განაგრძნობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, სანამ პარლამენტი ახალ კაბინეტს არ დაამტკიცებს.  

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი პრემიერ–მინისტრი უნდა დაასახელოს,  რომელსაც შემდეგ ფორმალურად პრეზიდენტი წამოაყენებს და რომელიც თავის მხრივ, მთავრობის შემადგენლობას წარადგენს. პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას  სულ ცოტა 76 ხმით უცხადებს.

„საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ, სავარაუდოდ, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა, კოალიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი და ურღვევია და ასეთად დარჩება ამ პროცესში, ალბათ პარასკევს ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა უსუფაშვილმა 23 დეკემბერს ჟურნალისტებს.

„რაც შეეხება უკვე პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, ჩემი ვარაუდით, ეს საკითხი დასრულდება მომავალი კვირის დასაწყისში, ანუ ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას და ახალი მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის მართვას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან იცოდა, რომ ღარიბაშვილი გადადგომაზე „ფიქრობდა“, მაგრამ „როდის მიიღებდა ის გადაწყვეტილებას და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო“.

მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყანამ ბევრს მიაღწია.  

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც პრემიერ–მინისტრობის ოთხ შემდეგ სავარაუდო კანდიდატს შეეხებოდა –  საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე – დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „თავ-თავიანთ საქმიანობაში ოთხივე დასახელებული კანდიდატი წარმატებულია… ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ჩვენს გუნდში და თუ ვის წარვადგენთ, ამის თაობაზე პარასკევს ჩამოვყალიბდებით“.