სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი ურთიერთდაკავშირებული ელექტროსისტემის განვითარებაზე შეთანხმდნენ



მარცხნიდან მარჯვნივ: რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი ოლეგ  ბუდარგინი;  ირანის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ერვანდ ზახარიანი 23 დეკემბერს ერევანში მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ. ფოტო: სომხეთის ენერგეტიკის სამინისტრო

სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ელექტროსისტემის განვითარებაზე იმუშაონ, ოთხ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ერვანდ ზახარიანი, მისი ქართველი და ირანელი კოლეგები, კახა კალაძე და ჰამიდ ჩიტჩიანი, ასევე რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი ოლეგ  ბუდარგინი ერთმანეთს 23 დეკემბერს ერევანში შეხვდნენ.

მხარეებმა „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის სინქრონული მუშაობის მიზნით ტექნიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შესწავლაში თანამშრომლობას მოიცავს.

მაშინ, როცა ირანის და სომხეთის, და ასევე რუსეთის და საქართველოს ელექტროსისტემებს შეუძლიათ სინქრონული მუშაობა, ამგვარი ერთობლივი შესაძლებლობა არ არსებობს ოთხივე ქვეყნის შემთხვევაში, როგორც ამის თაობაზე კომპანია „როსსეტი“ იტყობინება.

„როსეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლეგ ბუდარგინმა განაცხადა, რომ „ენერგო დერეფანი, რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანი, სტრატეგიული მარშრუტი იქნება მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადაცემისთვის“ და ხელმოწერილი მემორანდუმის განხორციელება „კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის“.

„მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 23 დეკემბერს.  

„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როდესაც გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია, მოვახდინოთ მისი გატანა ირანის მიმართულებით. ამ პერიოდისთვის ირანს განსაკუთრებით დიდი დეფიციტი აქვთ, მოთხოვნა არის დიდი ირანულ ბაზარზე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სომხეთის გავლით მოვახდინოთ ელექტროენერგიის გატანა. არა მხოლოდ თურქეთის მიმართულებით, არამედ შეგვეძლება სომხეთის გავლით გავიტანოთ ელექტროენერგია ირანის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი და ყველაზე  დიდი მოხმარება არის საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა ირანიდან შემოვიტანოთ ელექტროენერგია“, – დასძინა კალაძემ.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განაცხადა, რომ დაგეგმილი 400კვტ–იანი ელექტროგადამცემი ხაზი, ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემების სინქრონულ მუშაობასთან ერთად რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს 1 000 – 1 200 მეგავატი ელექტროენერგიის ტრანზიტი განვახორციელოთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით  – ირანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი და პირიქით, ჩრდილოეთიდან სამხრეთით.  ეს ასევე უზრუნველყოფს ამ ქვეყნების ელექტროსისტემების სინქრონულ და პარალელურ მუშაობას“, – განაცხადა ზახარიანმა.

თბილისში 3–4 დეკემბერს ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26–ე შეხვედრაზე საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო „განიხილება, როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში“.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ გაძლიერდეს რეგიონული თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მეშვეობით, აგრეთვე ხელი შეეწყოს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განვითარდეს ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი და მოიზიდოს მასშტაბური ინვესტიციები რეგიონალურ–ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება–განვითარებაში“, – განაცხადა კალაძემ.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის გადის და თურქეთის ჩრდილო–აღმოსავლეთს უკავშირდება და რომელიც EBRD–ის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და გერმანიის განვითარების ბანკის KfW ინვესტიციებით განხორციელდა.

„ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოს და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელებს შორის 700 მეგავატი სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას“, – განაცხადა კალაძემ დეკემბრის დასაწყისში ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26–ე შეხვედრაზე საუბრისას.

„პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვქონდეს ანალოგიური კავშირი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის, ასევე ევროპისთვის“, – დასძინა მან.     

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანახმად,  2014 წლის ბოლოსათვის საქართველოში არსებულმა ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობამ ჯამურად 2230 მგვტ შეადგინა. კომისიის წლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც 2014 წელს მიმოიხილავს, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ტრანსასაზღვრო გამტარუნარიანობა 2020 წლისათვის 5 770 მგვტ-მდე გაიზრდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)