ერთმანდატიანი ოლქების შეცვლილ საზღვრებში მაჟორიტარების ასარჩევად 50%-იანი ბარიერი დაწესდა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთმანდატიანი ოლქების შეცვლილ საზღვრებში მაჟორიტარი დეპუტატები 50%-იანი ბარიერით იქნებიან არჩეულნი.
პარლამენტის მიერ 24 დეკემბერს საარჩევნო კოდექსში მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებული ცვლილებების თანახმად, რომლის ინიციატორებიც ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები იყვნენ, საკანონმდებლო ორგანოში არჩეულად ის მაჟორიტარი ჩაითვლება, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს, ნაცვლად აქამდე არსებული 30%-სა.
თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მეორე ტური გაიმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის და გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.
საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, რომლის საფუძველზეც 77 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.
ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ითხოვენ, თუმცა მმართველი კოალიცია ამ წინადადების გაზიარებას 2020 წლის მორიგი არჩევნებისთვის თანხმდება.