ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის მხარდასაჭერად 24 დეკემბერს სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ლარი მცირედით გამყარდა და აშშ დოლარის მიმართ ერთი დღით ადრე არსებული 2.4107–იანი ნიშნულიდან 2.4023–იან ნიშნულამდე ჩამოვიდა.
ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 2.479 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა; წინა თვეში ეს მაჩვენებელი 2.449 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო წლის დასაწყისში 2.699 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ განაცხადა დეკემბრის დასაწყისში, რომ ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას რაც გამოიხატება ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებასა და სავალუტო ბაზარზე შეზღუდულ ინტერვენციებში, მხოლოდ იმ მიზნით რომ შემსუფუქდეს გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობები.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39–2.4–ის ფარგლებში მერყეობს.
ლარმა თავისი ღირებულების 27.6% დაკარგა დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან და 37% შარშან ნოემბრის შემდეგ, როდესაც ქართულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო მსოფლიო მასშტაბით დოლარის გამყარების და ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, რასაც თან დაერთო ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში.
ლარის გაუფასურება მძიმე ტვირთად დააწვა მათ, ვისაც სესხები აშშ დოლარში აქვთ აღებული. საქართველოში მთლიანი სესხების დაახლოებით 64% უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, აშშ დოლარშია გაცემული.