იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები „არაპოპულარული“ გადაწყვეტილების მოტივებს განმარტავენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრები, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეული ვერ იქნებოდა, განმარტავენ, რომ ეს იყო „არაპოპულარული“, თუმცა შექმნილ ვითარებაში „ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება“.
ლევან მურუსიძე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში თავისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წელს ეწურება, იუსტიციის საბჭომ 25 დეკემბერს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან, რომელთაც გააკრიტიკეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პერსპექტივა.
იუსტიციის საბჭოს იმ 10 წევრს შორის, რომელთაც მხარი დაუჭირეს მურუსიძის არჩევას, პარლამენტის მიერ საბჭოში არჩეული სამი არამოსამართლე წევრიც იყო – ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე. მათი ხმები საბჭოში შემავალ მოსამართლე წევრებთან ერთად გადამწყვეტი აღმოჩნდა მურუსიძის ასარჩევად, რასაც მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს თამჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და ასევე, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა პრეზიდენტის დანიშნულმა წევრმა საბჭოში.
გოცირიძემ, თორდიამ და სოფრომაძემ 25 დეკემბერს მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ძალზე მძიმე და კომპრომისული“ გადაწყვეტილების მოტივაციას განმარტავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია მურუსიძეს „არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნია საზოგადოებაში“, მაგრამ მოსამართლეთა კორპუსში ის „სარგებლობს გამორჩეული ავტორიტეტით და პატივისცემით“ და აქვს „უპრეცედენტო მხარდაჭერა“, რაც მოსამართლეთა კონფერენციის ბოლო განცხადებითაც დადასტურდა და შესაბამისად, საბჭო ვერ მოახდენდა მოსამართლეთა უმრავლესობის „პოზიციების იგნორირებას“.
„ბატონი მურუსიძის დანიშვნაზე უარის თქმა მსუსხავ ეფექტს იქონიებდა მთელ სამოსამართლო კორპუსზე, აღქმული იქნებოდა, როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს სასამართლო სისტემაში და, იმავდროულად წარმოშობდა საფრთხეს იმისას, რომ დარჩენილი უფლებამოსილების ვადის პერიოდში, მათი მთავარი საზრუნავი გამხდარიყო არა მართლმსაჯულების უწინარესი ინტერესები, არამედ თავიანთი კერძო ინტერესები“, – აცხადებენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, როლებიც თავიანთი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად მოსამართლეთა კორპუსსა და იუსტიციის საბჭოს შორის „ნდობისა და მხარდაჭერის“ შენარჩუნების საჭიროებას ასახელებენ.
მათივე განმარტებით, მურუსიძის კანდიდატურის უარყოფას, სანაცვლოდ შეეძლო გამოეწვია კონკურსში მონაწილე იმ კანდიდატების ჩაგდება, რომლებსაც ისინი უჭერდნენ მხარს და პროცესი „ნულოვანი შედეგით“ დასრულებულიყო, თუმცა „კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ დღეს 38 მოსამართლე შეემატა სასამართლოს და ეს სწორედ ორმხრივი კომპრომისის დამსახურებაა“.
„არც ის იქნებოდა სამართლიანი, რომ საბჭომ და საერთოდ საზოგადოებამ, წარსულის, თუნდაც სერიოზული შეცდომების გამო, მთელი პასუხისმგებლობა ინდივიდებს დააკისროს, მაშინ როდესაც მათ მთლიანად არაჯანსაღ ვითარებაში, პროკურატურის სრული დომინაციის, ხელისუფლების ზეწოლისა და ისეთი კანონმდებლობის პირობებში უხდებოდათ საქმიანობა, რომელიც მოსამართლეებს არა მარტო ფაქტობრივად, არამედ სამართლებრივადაც უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებდა, ხოლო ყოველგვარი კრიტიკული აზრის გამოთქმა სამსახურის დატოვებითა და ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმე შედეგებით სრულდებოდა. მისასალმებელია, რომ დღეს მოსამართლეები ღიად საუბრობენ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, თავიანთი უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე. იმის მიუხედავად, დავეთანხმებით თუ არა მათ ყველა მოსაზრებასა თუ პოზიციას, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ეს ჯანსაღი ტენდენციაა, სასამართლოს გაძლიერებაზე მიმანიშნებელი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება და რომ პროგრესის მიღწევა მოსამართლეებისათვის თავსმოხვეული მიდგომებითა თუ ძალდატანებით შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ტრაგედიის მსხვერპლის წინაშე, რომელთა აცილებაც ვერ მოხერხდა, მათ შორის იმის გამოც, რომ მართლმსაჯულება ვერ აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე, სადაც მოსამართლეებმა ვერ გამოიჩინეს საკმარისი პრინციპულობა და შეუვალობა და ვერ შესძლეს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება. მაგრამ არც იმისი მომხრენი ვართ, რომ განკითხვის დღე მოვუწყოთ კონკრეტულ მოსამართლეებს და მათ ვაზღვევინოთ სისტემის მთელი უკეთურობის გამოუსწორებელი შედეგები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ბატონი მურუსიძე ახალგაზრდა კაცია; ისევე როგორც ყოველი ჩვენთაგანი, თავისი შეცდომებით, ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. მისდამი მოსამართლეთა კორპუსის სრული მხარდაჭერისა და სხვა ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შესაძლებლად მივიჩნიეთ მისი 3 წლით საგამოცდო ვადით დანიშვნა მოსამართლედ“, – აცხადებენ გოცირიძე, თორდია და სოფრომაძე და დასძენენ, რომ მის უვადოდ გამწესებას სამომავლოდ ცალკე კენჭისყრა დასჭირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)