კვირიკაშვილი ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებებს არ გეგმავს



საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დასახელებული მიხეილ ჯანელიძე ამავე უწყებაში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2015 წლის სექტემბრიდან იკავებდა. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მომავალმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის მთავრობაში რაიმე ცვლილებებს არ გეგმავს და პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის იგივე შემადგენლობა წარუდგინა.

მთავრობის ერთადერთი ახალი წევრი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იქნება, რომელიც კვირიკაშვილმა თავის შემცვლელად დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე.

„როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ  მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც  პირველი დღიდან ვარ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა 26 დეკემბერს საღამოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. 

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში,  მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება“, – დასძინა კვირიკაშვილმა.

34 წლის მიხეილ ჯანელიძე 2015 წლის სექტემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გაჰყვა კვირიკაშვილს.

მანამდე ჯანელიძე 2011 წლის ნოემბრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, მათ შორის  2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2015 წლის სექტემბრამდე პერიოდში, როცა სამინისტროს კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

2009–2011 წლებში ის ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ჯანელიძე, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის   მაგისტრის ხარისხი აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მაგისტრატურა დაამთავრა საერთაშორისო სამართალში.

2011 წელს იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ერთი დღით ადრე, სანამ კვირიკაშვილი იტყოდა, რომ მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმებოდა, მან ჟურნალისტებს პარასკევს კაბინეტში შესაძლო ცვლილებების შესახებ განუცხადა, თუმცა დასძინა, რომ ეს „დრამატული“ არ იქნებოდა. კვირიკაშვილის განცხადებამდე, რომ ცვლილებები არ იგეგმებოდა, მედიაში აქტიურად განიხილებოდა, რომ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შესაძლოა თანამდებობა დაეკარგა.

პარლამენტი მოსმენას მთავრობის დამტკიცების თაობაზე ორშაბათს დაიწყებს, ხოლო კენჭისყრა 29 დეკემბერს იგეგმება.

კვირიკაშვილი მას შემდეგ წარადგინა კოალიცია ქართულმა ოცნებამ ახალ პრემიერ–მინისტრად, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)