კვირიკაშვილი: კალაძე ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე დარჩება

მომავალმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა კვირას, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შეინარჩუნებს ვიცე–პრემიერის პოსტს მის მთავრობაში, ხოლო მეორე ვიცე–პრემიერის თანამდებობას, სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.

კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე–პრემიერის პოსტი ეკავა მთავრობაში, რომელსაც  ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, სანამ ის 23 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგებოდა. კვირიკაშვილი ახალ მთავრობაში ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებებს არ გეგმავს. მან იგივე შემადგენლობა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. მთავრობის ერთადერთი ახალი წევრი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იქნება, რომელიც კვირიკაშვილმა თავის შემცვლელად დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. 

„არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდით გავაგრძელო მუშაობა. არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელოთ“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბაკურიანში, სადაც ის ახალი საბაგიროს გახსნას დაესწრო.   

იმავდროულად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა პრემიერ–მინისტრის შეცვლას და კვირიკაშვილის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად წარდგენას.

„ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა 26 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მოგვიანებით იმავე ინტერვიუში, როდესაც ის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წყნარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე საუბრობდა, პრეზიდენტს ჰკითხეს,  ჰქონდა, თუ არა იმედი, რომ კვირიკაშვილი ასეთ პირობებს უზრუნველყოფს არჩევნების წინ და მის პროცესში. მარგველაშვილმა უპასუხა: „მთავრობის მომავალი მეთაური არის ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, რომელსაც გააჩნია… ნათელი ხედვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულების შესახებ“.

პარლამენტი მოსმენას მთავრობის დამტკიცების თაობაზე ორშაბათს დაიწყებს, ხოლო კენჭისყრა 29 დეკემბერს იგეგმება.

საკომიტეტო მოსმენები, ასევე მომავალი პრემიერ–მინისტრის და მისი მთავრობის წევრების შეხვედრები ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების და ქართული ოცნების საპარლამენტო ჯგუფებთან ორშაბათს გაიმართება, რასაც სამშაბათს მოყვება პარლამენტის სხდომა, დებატები და ბოლოს, კენჭისყრა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)