წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში მშპ–ის ზრდამ 5.3% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ნოემბრის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5.3% შეადგინა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2015 წლის პირველ თერთმეტ თვეში საშუალო რეალურმა ზრდამ 3% შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში მშპ–ს ზრდა 5% იყო.
ივლისში მთავრობამ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%–დან 2%–მდე შეამცირა. მომავალი წლის პროგნოზი 3%–ს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 3% იქნება, თუმცა დეკემბრის დასაწყისში სსფ–მა განაცხადა, რომ ეს პროგნოზი შესაძლო კლების რისკებს შეიცავდეს, ძირითადად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.
საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პარლამენტმა ამ პოსტზე შუაღამისას დაამტკიცა, განუცხადა დეპუტატებს მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართული საპარლამენტო მოსმენების დროს, რომ მისი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკურ განვითარებაში გარღვევის მიღწევა. საკუთარ პრიორიტეტებს შორის მან ასევე დაასახელა მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების მეშვეობით სამეწარმეო სულისკვეთების წახალისება დამწყები ბიზნესმენების დასახმარებლად და ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ტვირთის შემსუბუქება.