პუტინის თანაშემწემ სოხუმში აფხაზურ–თურქული ურთიერთობები განიხილა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც 29 დეკემბერს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერებს შეხვდა სოხუმში, განაცხადა, რომ მან სხვა საკითხებთან ერთად სეპარატისტული რეგიონის ურთიერთობები თურქეთთან და ამ კუთხით პოლიტიკის კოორდინირების საჭიროება განიხილა.

აფხაზეთის ხელმძღვანელობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს ნოემბერში რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის მიერ თურქეთ–სირიის საზღვრის მახლობლად. აფხაზი მიმომხილველები შიშობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ–თურქეთის დაძაბულობას შესაძლოა აფხაზეთისთვის და მისი ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები მოეტანა.

თურქეთთან ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 18–20%–ს შეადგენს; რუსული და აფხაზური წყაროების მიხედვით, თურქეთში აფხაზეთის ექსპორტის დაახლოებით 10% გადის. სეპარატისტული რეგიონი ძირითადად სამშენებლო მასალის, საწვავის, საკვების და ტექსტილის იმპორტს ახორციელებს თურქეთიდან; ექსპორტზე მას ნახშირი, თევზი და ჯართი გააქვს.

თურქული თევზსაჭერი გემები აქტიურად არიან ჩართულები თევზჭერაში შავ ზღვაში აფხაზეთის  სანაპიროს გასწვრივ. თუმცა, დეკემბრის შუა რიცხვებში რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ„როსრიბოლოვსტვომ“ განაცხადა, რომ რუსული თევზსაჭერი გემები „აფხაზეთის წყლებში“ დაიწყებენ თევზჭერას და შესაძლოა, მათ თურქული თევზსაჭერი გემები ჩაანაცვლონ.

ამგვარი ეკონომიკური საქმიანობა აფხაზეთში საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს. საქართველოს სანაპირო დაცვამ 2013 წელს სულ ცოტა ოთხი თურქული გემი დააკავა სეპარატისტულ რეგიონში უკანონო შესვლის გამო; მას შემდეგ ამგვარი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ შევეხეთ თურქეთთან ურთიერთობების ამ საკითხს“, – განაცხადა სურკოვმა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მოსკოვის ურთიერთობებში.

„აფხაზეთს ფაქტიურად არ აქვს ოფიციალური ურთიერთობები თურქეთთან. როგორც იცით, თურქეთი არ აღიარებს აფხაზეთს, მაგრამ ამავე დროს ის [თურქეთი] ცდილობს მოაგვაროს გარკვეული ეკონომიკური და მე ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკური საკითხიც“, – განუცხადა სურკოვმა ჟურნალისტებს სოხუმში.

„გარკვეულ წრეებს თურქეთში აფხაზეთი გავლენის შესაძლო სფეროში შეყავთ“, – დასძინა მან.

„[თურქულ] დიასპორასთან ძალიან მნიშვნელოვანი და საუკუნოვანი ურთიერთობები არსებობს და ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა მან.

„ამას გარდა, არანაირი მიზანი არ არსებობს იმისა, რომ გაუარესდეს აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთის ხელისუფლების შეუფერებელი და მკაცრი ქმედებების გზით ან ჩვენი არასწორად კოორდინირებული ქმედებების გზით. ამიტომაც, ჩვენ ყველა ასპექტს ავწონ–დავწონით. რუსეთი არ აკისრებს განურჩეველ სანქციებს თურქეთს; რუსეთი ამას შერჩევითად აკეთებს და არა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა სურკოვმა.

მისი თქმით, თურქეთის სამშენებლო კომპანიები არ უნდა ახორციელებდნენ აფხაზეთში რუსეთის ფინანსური დახმარებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 

„შემიძლია გითხრათ, რომ თურქი კონტრაქტორები ვერ შეძლებენ [აფხაზეთში] რუსული ფულით აშენებას – ეს სავსებით ცხადია“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ყველაფერ დანარჩენს – თევზჭერას, გარკვეულ წვდომას ბუნებრივ რესურსებზე და სხვას, მათ ცალკე განვიხილავთ… და შემდეგ აფხაზეთის მთავრობა, სავარაუდოდ,  გაცნობებთ, თუ მოვახდენთ ჩვენი პოლიტიკის კოორდინირებას ამ კუთხით“, – დასძინა სურკოვმა.

აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებულ ატმოსფეროს „არაფერი გააფუჭებს“.

„თურქეთი და რუსეთი – პრობლემა, რომელიც ახლა არსებობს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხი. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ამ საკითხებს არეგულირებს. ხელშეკრულება [მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ] გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ 2014 წლის ხელშეკრულებაზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის წარმოებას.

„ჩვენ ეკონომიკას ზიანი არ მიადგება“, – დასძინა მან.

სურკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასებისა  და ასევე გაზრდილი პენსიების გარდა, რუსეთი ასევე გეგმავს 4.7 მილიარდი რუბლის გამოყოფას აფხაზეთში 2016 წელს „საინვესტიციო პროგრამის“ დასაფინანსებლად.