ენერგეტიკის სამინისტრო: ირანული გაზის სომხეთის გავლით მოწოდებაზე მოლაპარაკებებში შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან სომხეთის გავლით გაზის შესაძლო მოწოდების თაობაზე, თუმცა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.
განცხადება მოლაპარაკებების თაობაზე პირველად ირანის გაზის ექსპორტის ეროვნულმა კომპანიამ გააკეთა, რომლის ხელმძღვანელმაც, ალი–რეზა კამელიმ 4 იანვარს, როგორც ამის თაობაზე ირანული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში სომხეთის გავლით დღიურად დაახლოებით 8.5–14 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის ექსპორტის თაობაზე – ეს მოცულობა ბევრად აჭარბებს საქართველოს მთლიან მოხმარებას და ასევე აღემატება ირან–სომხეთის გაზსადენის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას.
„საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი“, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 4 იანვარს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ირანულმა წყაროებმა საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გაავრცელეს.
„აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია, გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც დეტალები არ არის დაკონკრეტებული.
სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის იმპორტს ახორციელებს იმ მილსადენის მეშვეობით, რომლის მაქსიმალური გამტარიანობა 2.3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს წელიწადში. სომხეთი ამ გაზს ელექტროსადგურების მუშაობისთვის იყენებს და სანაცვლოდ, კი ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს ირანში. მილსადენის სომხურ მონაკვეთს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას ირანული გაზი შეაქვს, რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აკონტროლებს.
დეკემბრის დასაწყისში „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი ლუქსემბურგში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეხვდა – ეს უკვე მესამე შეხვედრა იყო ბოლო დაახლოებით სამი თვის მანძილზე.
მხარეებმა საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის შესახებ არსებული ხელშეკრულების გაგრძელებისა და რუსული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობები განიხილეს. მილერმა განაცხადა მაშინ, რომ მან კალაძესთან ასევე განიხილა შესაძლო შეთანხმებები, რომლებიც ასევე მოიცავს ირანს და სომხეთს. დეტალებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა, ალი–რეზა კამელიმ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების შემთხვევაში, საქართველო იმპორტირებულ ირანულ გაზს ელექტროსადგურებისთვის გამოიყენებს.
საქართველოში არსებული ყველა ძირითადი თბოსადგური აზერბაიჯანის იაფ გაზს იყენებს.
„ამ ეტაპისათვის, როგორც მე ვიცი, ფასი არ არის კონკურენტუნარიანი,” – განუცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ „რუსთავი 2“–ს.
შარშან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომპანიების gPower, Mtkvari Energy–ს და GIEC–ის მიერ (რომლებიც საქართველოში გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ოპერირებას ახორციელებენ) წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ისინი აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ისგან 1000 კუბურ მეტრ გაზს 143 აშშ დოლარად ყიდულობდნენ.
ახალი, 230 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში 2015 წლის სექტემბერში შევიდა ექსპლოატაციაში. ელექტროსადგური საქართველოში მოქმედ გამანაწილებელ კომპანიებზე ყიდის ელექტროენერგიას და მისი თანამფლობელები არიან საქართველოს სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდი, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. საპარტნიორო ფონდის თქმით, ელექტროსადგური გაზს SOCAR–ისგან ყიდულობს – 1 000 კუბურ მეტრს 143 აშშ დოლარად და ირანული გაზის შეძენის საკითხს არ განიხილავს.
აზერბაიჯანული კომპანიის SOCAR–ის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაჰირ მამადოვმა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო APA-ს 5 იანვარს განუცხადა, რომ ირანული გაზი ვერ გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანულს საქართველოს „ძალიან პატარა ბაზარზე“. მისი თქმით, აზერბაიჯანს გრძელვადიანი შეთანხმება აქვს საქართველოსთან სამომხმარებლო გაზის 2025 წლამდე მიწოდების თაობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ SOCAR–ი გონივრულ ფასად აწვდის ასევე გაზს საქართველოს კომერციულ ობიექტებს.
23 დეკემბერს სომხეთის, ირანის და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრები, ასევე რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი ერევანში შეიკრიბნენ და „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის სინქრონული მუშაობის მიზნით ტექნიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შესწავლაში თანამშრომლობას მოიცავს.