SOCAR–ის პრეზიდენტი თბილისში მოლაპარაკებებს მართავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის SOCAR–ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა 13 იანვარს თბილისში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან გამართა მოლაპარაკებები.

ვიზიტი იმ ფონზე ხორციელდება, როცა საქართველო რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებისა და „გაზპრომიდან“ დამატებითი გაზის შეძენის თაობაზე.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობა დასჭირდება მოხმარების გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

კალაძე აცხადებს, რომ მოწოდების შემდგომი ზრდა აზერბაიჯანიდან, რომელიც საქართველოს გაზის წლიური მოთხოვნის დაახლოებით 87%–ს აკმაყოფილებს,  „ტექნიკური“ მიზეზების გამო შეუძლებელია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოში გაზის მოხმარება პიკს აღწევს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მონაცემებით, საქართველო გაზს აზერბაიჯანის ორი წყაროდან იღებს. 2015 წელს დაახლოებით 720 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იმ შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენის ფარგლებში იქნა მიღწეული; ამ მილსადენის მეშვეობით ხორციელდება შაჰ–დენიზის გაზის მიწოდება თურქეთისთვის საქართველოს გავლით. 2015 წელს ასევე 1.35 მილიარდი კუბური მეტრი იქნა იმპორტირებული SOCAR–თან არსებული ცალკე შეთანხმების ფარგლებში.

„იყო საუბარი არსებულ სიტუაციაზე, ტექნიკურ პრობლემებზე, იმ დისბალანსზე, რომელიც ჩვენ გვაქვს … პიკური მოხმარების თვეებში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსება“, – განაცხადა კალაძემ, „ტექნიკურად დღეს  [პიკური პერიოდის დროს მეტი გაზის მიღება აზერბაიჯანიდან] შეუძლებელია, ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ვავსებდით „გაზპრომის“ გაზით; ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ალბათ მომავალშიც ასე მოხდება“.

„SOCAR–ის ორივე მილსადენი, რომლითაც ჩვენ გაზს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. თუმცა, სამომავლოდ  არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც ამ მილსადენებში დამატებითი მოცულობის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

კალაძის თქმით, SOCAR–ის მიერ მოწოდებული გაზის მოცულობის გასაზრდელად „დამატებითი ინვესტიციები“ იქნება საჭირო, კერძოდ, გაზის საკომპრესორო სადგურის მოწყობისთვის.

თუმცა მან ასევე დასძინა, რომ წელს ეს სამუშაოები ვერ დასრულდება, რითიც იმაზე მიანიშნა, რომ საქართველოს „გაზპრომის“ გაზის მოწოდების ზრდა მოუწევს დეფიციტის შესავსებად.

საქართველოს ტრანზიტის საფასურად „გაზპრომის“ მიერ საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებული რუსული აირის 10%–ს იღებს. „გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადოს არა ბუნებრივი აირის ფორმით, არამედ ფინანსური სახით. ტრანზიტის სახით მიღებული გაზის გარდა, საქართველომ 2014 წელს „გაზპრომისგან“ დამატებით 61.1 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა. 2015 წელს საქართველომ რუსეთიდან სულ დაახლოებით 295 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მონაცემების თანახმად (სადაც არაა დეტალურად გაწერილი, თუ როგორი იყო ტრანზიტის საფასურის წილი ამ მთლიან მოცულობაში). ცალკე გაკეთებულ განცხადებაში 12 იანვარს კალაძემ განაცხადა, რომ ის დეფიციტი, რომლიც შევსებაც საქართველოს, სავარაუდოდ, „გაზპრომის“ გაზის შეძენით მოუწევს, 2016 წელს 300–400 მილიონს კუბურ მეტრს მიაღწევს.      

SOCAR–ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ასევე გაუსვა ხაზი, რომ შაჰ–დენიზის პროექტის მეორე ფაზის დასრულება, რაც 2019 წლისთვის არის მოსალოდნელი, დაეხმარება საქართველოს, რომ გაზმომარაგებაში არსებული დეფიციტი შეავსოს. 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ–დენიზის პროექტის მეორე ფაზის დასრულება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დამატებითი ბუნებრივი აირი“, – განაცხადა კალაძემ.

SOCAR–ის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაჰირ მამადოვმა, რომელიც ასევე ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, განაცხადა, რომ მათ განიხილეს „გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით პიკურ პერიოდში“.

„ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შევავსოთ დეფიციტი. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ჩვენი ექსპერტთა ჯგუფები იმუშავებენ… შევეცდებით, გავზარდოთ გაზის მოწოდება [არსებული 6–6.5 მილიონი კუბური მეტრიდან დღეში] 7 მილიონ კუბურ მეტრამდე. მეორე მხრივ, ასევე ვსწავლობთ შესაძლებლობას, რომ ზამთრის პერიოდში არსებული დეფიციტი  [საქართველოსთვის] შაჰ–დენიზის პროექტიდან გაზრდილი მოწოდებით შევავსოთ“, – განუცხადა მამადოვმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „სტრატეგიულ პარტნიორობას“ აზერბაიჯანთან და დასძინა, რომ SOCAR–მა ინტერესი გამოხატა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე, რომლის დაწყებაც, კალაძის თქმით, 2016 წელს იგეგმება.

მამადოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი „მიესალმება და მხარს უჭერს“ საქართველოს გეგმებს გაზსაცავის მშენებლობის თაობაზე და დაადასტურა, რომ SOCAR–ი დაინტერესებულია ამ პროექტში მონაწილეობით. მისი თქმით, „ჩვენი მონაწილეობის ფორმატი“ შემდგომი მოლაპარაკებების დროს განისაზღვრება.

„დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სურვილი და თანხმობა ორივე მხარის, რომ ერთობლივად განვახორციელოთ ეს პროექტი“, – დასძინა მამადოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთანთავის გახსნით სიტყვაში შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

„სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად მრავალი პოლიტიკური სპეკულაციისა, რომლის მოწმენიც გავხდით ბოლო დღეებში, მინდა, ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან" საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების და გაფართოვების საკითხები. აზერბაიჯანი ჩვენი ახლო მეგობარია, სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ამის იქით არაფერს აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, ამ განწყობის და ამ პოზიციის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ თქვენთან ჩვენი სამომავლო ურთიერთობების შესახებ, გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს.   ვფიქრობ, არანაირი ტექნიკური პრობლემა არ უნდა გახდეს წინაღობა ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.