სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული შენაერთები წვრთნებს მართავენ
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსული სამხედრო ბაზის შენაერთებმა 2 000 ჯარისკაცის მონაწილეობით ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ძარცემის პოლიგონზე სამხედრო წვრთნები დაიწყეს, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 იანვარს.
ამავე ინფორმაციით, წვრთნებში, დაახლოებით, 500 ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის T–72BM ტიპის ტანკები, BMP–2 და BMP–3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ასევე თვითმავალი ჰაუბიცები „აკაცია“ და „გვოზდიკა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა დეკემბერში, რომ 2015 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა რუსულმა შენაერთებმა, დაახლოებით, 150 ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკა მიიღეს, მათ შორის მოკლე მანძილის სარაკეტო სისტემა „ისკანდერი“, რომელიც რუსულ შეიარაღებაში ოფიციალურად 2006 წლიდან ირიცხება.
სარაკეტო სისტემა „ისკანდერის“ სროლის მანძილი 500 კილომეტრს შეადგენს.
2015 წელს სამხრეთ ოსეთისთვის გადაცემულ სხვა აღჭურვილობას შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაასახელა მოდერნიზებული საბრძოლო ტანკები T-72B3, რომელიც 2011 წელს შევიდა შეიარაღებაში; BM-21 გრადის ტიპის რეაქტიული სისტემა; საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „სტრელა–10“; უპილოტო საფრენი აპარატები „ლეერ–3“; რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი „ბორისოგლებსკ–2“; გრძელბაზიანი ავტომობილები „ურალ–4320–0811–31“, რომელიც რუსეთის არმიამ შეიარაღებაში შარშან მიიღო.