აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ძალიან გახსნილია ჩვენთან“ ენერგოპოლიტიკის და რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხებში. 

„ვფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობები რაც შეიძლება გამჭირვალენი იყვნენ თავიანთი ენერგოპოლიტიკის შესახებ, და ისინი ძალიან გახსნილები იყვნენ ჩვენთან. წუხილი გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ძალიან დამოკიდებული არ გახდეს ენერგიის ერთ წყაროზე – რომ მათ კარგი ენერგო დივერსიფიკაცია შეინარჩუნონ – და ჩვენ კმაყოფილები ვართ მათი [ხელისუფლების] განმარტებებით“, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს 18 იანვარს, როდესაც მას იმ პრეტენზიების თაობაზე ჰკითხეს, რომ მთავრობა საკმარის ინფორმაციას არ ავრცელებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ.

კითხვაზე გონივრულია თუ არა ამგვარი მოლაპარაკებები იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციას აგრძელებს, აშშ–ის ელჩმა უპასუხა: „ვფიქრობ, საქართველოს მართლაც აქვს მოკლევადიანი ენერგო საჭიროება და ვფიქრობ, რომ გონივრულია ესაუბრო ყველა პოტენციურ ენერგო მომწოდებელს.  რა თქმა უნდა, მე მესმის თქვენი, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად აცნობიერებს ამ საკითხს და იმ გამოწვევებს, რასაც ის შეიცავს“.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებისა და მისგან დამატებითი გაზის შეძენის თაობაზე აწარმოებს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც გაზრდილი მოხმარების გამო არის მოსალოდნელი. „გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადოს არა გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის სახით, არამედ ფინანსური ფორმით. ტრანზიტისთვის მიღებული ბუნებრივი აირის გარდა, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2013 წლისა, ასევე ყიდულობდა მცირე ოდენობით დამატებით გაზს „გაზპრომისგან“.

დამატებითი გაზის შეძენის თაობაზე „გაზპრომთან“ ხელისუფლების მოლაპარაკებები ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა, რადგან ოპონენტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთზე საქართველოს ენერგო დამოკიდებულება გაზარდოს  და უარყოფითად იმოქმედოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე, რომელზეც საქართველოს ყოველწლიური გაზმომარაგების 88.5% მოდის.



საქართველოს გაზმომარაგება წლების და წყაროების მიხედვით 2003-2015 წლების განმავლობაში. 2015 წლის მონაცემები წინასწარია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 18 იანვარს მოწოდებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში გაზის მთლიანმა მოხმარებამ 2015 წელს 2.47 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 13.8%–იანი და 29.5%–იანი ზრდაა 2014 და 2013 წლებთან შედარებით, შესაბამისად.

მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობამ 753 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა; 650 მილიონი კუბური მეტრი გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებმა მოიხმარეს, ხოლო სხვა კომერციულმა ორგანიზაციებმა 1.07 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოიხმარეს 2015 წელს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გაზს აზერბაიჯანის ორი წყაროდან იღებს. 2015 წელს დაახლოებით 712 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იმ შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენთან დაკავშირებით მოქმედებს; ამ მილსადენის მეშვეობით შაჰ–დენიზის გაზი თურქეთს საქართველოს გავლით მიეწოდება . 2015 წელს ასევე 1.48 მილიარდი კუბური მეტრი იქნა იმპორტირებული SOCAR–თან არსებული ცალკე შეთანხმების ფარგლებში.

საქართველომ 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო „გაზპრომისგან“ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურად და ამას გარდა, ქვეყანამ 75 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა რუსეთიდან 2015 წელს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტი აზერბაიჯანული გაზის მიღება „ტექნიკური“ მიზეზების გამო ვერ ხერხდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა გაზის მოხმარება პიკს აღწევს საქართველოში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის SOCAR–ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი 13 იანვარს თბილისს სტუმრობდა და მოლაპარაკებები გამართა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და კახა კალაძესთან. SOCAR–ის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაჰირ მამადოვმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა,  რომ მათ განიხილეს „გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით პიკურ პერიოდში“ და იმსჯელეს იმაზე, „თუ როგორ შევავსოთ დეფიციტი“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ SOCAR–ის მიერ მოწოდებული გაზის მოცულობის გასაზრდელად „დამატებითი ინვესტიციები“ იქნება საჭირო, კერძოდ, გაზის საკომპრესორო სადგურის მოწყობისთვის. თუმცა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ წელს ეს სამუშაოები ვერ დასრულდება, რითიც იმაზე მიანიშნა, რომ საქართველოს დეფიციტის შესავსებად „გაზპრომის“ გაზის მოწოდების ზრდა მოუწევს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შაჰ–დენიზის პროექტის მეორე ფაზის დასრულება, რომელიც 2018–2019 წლებშია ნავარაუდევი, საქართველოს გაზმომარაგებაში არსებული დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)