თბილისი მიესალმება ირანისთვის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას
საქართველო მიესალმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების მოხსნას და აცხადებს, რომ ეს „წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის“.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საერთაშორისო საზოგადოების დიპლომატიურ ძალისხმევას, რამაც უზრუნველყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) შემუშავება და 2016 წლის 16 იანვარს, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების საფუძველზე, განხორციელების დაწყება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების წარმატებული განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.