ლარი დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა

საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა მოუწია, მას შემდეგ რაც 22 იანვარს ლარი აშშ დოლართან მიმართებით რეკურდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა.

გასულ დღესთან შედარებით ლარი 1%-ით გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებაში მისმა გაცვლითმა კურსმა 2.4694 შეადგინა.

ლარის არსებობის მანძილზე მისი წინა ყველაზე დაბალი ნიშნული დაბალი ნიშნული 1999 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როცა აშშ დოლარი 2.451 ლარი ღირდა.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ თავისი ღირებულების 3% დაკარგა წლის დასაწყისიდან და 26.4% – 2015 წლის იანვრის შემდეგ. ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და მას შემდეგ დოლართან მიმართებაში 40%-ით დაეცა.

22 იანვარს ეროვნული ბანკის ინტერვენცია უკვე მეორე იყო წელს და მესამე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როცა თითოეულ ჯერზე სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა ლარის მკვეთრი მერყეობის შესასუსტებლად.

ეროვნულმა ბანკმა შარშან სულ ცხრა ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 286.96 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

2015 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვები 2.52 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა; ნოემბერში ეს მაჩვენებელი 2.479 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ერთი წლის წინ 2.699 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 იანვარს დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნული ვალუტების გაუფასურებამ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში, უარყოფითი გავლენა იქონია ლარზე.

„აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. საქართველოში წელს იქნება ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა მან.