ლავროვი პანკისის ხეობაზე, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე ისაუბრა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა.

„ახლაც ჩვენამდე აღწევს ცნობები, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები ამ რთულად მისაღწევ ტერიტორიას იყენებენ იმისთვის, რომ იქ წვრთნები გაიარონ, დაისვენონ და შეივსონ თავიანთი მარაგები“, – განაცხადა ლავროვმა 26 იანვარს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს“ და „არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს“. 

„იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს“, – განუცხადა 26 იანვარს კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

„ამ კუთხით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება იმ არხებით, რომელი არხებიც ჩვენ გვაქვს [რუსეთთან ურთიერთობებში], დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე“, – დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ლავროვმა ეს განცხადება 2015 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა მას თბილისთან ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე ჰკითხა, რაზეც განცხადება პრეზიდენტმა პუტინმა დეკემბერში გააკეთა. პუტინის ამ განცხადებას ვიზების გაცემის წესების გამარტივება მოყვა.

რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი 2001 წელს დაუწესა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავაადვილოთ ჰუმანიტარული კავშირები“, – განაცხადა ლავროვმა, „საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ იძულებული ვიყავით უარი გვეთქვა უვიზო რეჟიმზე, გაგვემკაცრებინა სავიზო რეჟიმი, სხვათა შორის, მეტწილად იმის გამოც, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. უნდა ვთქვათ, რომ ახლაც ჩვენამდე აღწევს ცნობები, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები ამ რთულად მისაღწევ ტერიტორიას იყენებენ იმისთვის, რომ იქ წვრთნები გაიარონ, დაისვენონ და შეივსონ თავიანთი მარაგები“. 

„ბოლო დროს ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება ავსახეთ სავიზო რეჟიმის არსებითად შემსუბუქებაში, შემოვიღეთ რა გამარტივებული სავიზო რეჟიმი, როცა საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები გაიცემა რაიმე გარემოებების მიუხედავად, თუნდაც ეს კერძო ვიზები არ არის სავალდებულო, რომ ნათესავებისგან იყოს, უბრალოდ ნაცნობს, მეგობარს შეუძლია მიგიწვიოთ და ვიზა იქნება გაცემული“, განაცხადა მან დეკემბერში მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. 

„პერსპექტივაში მზად ვართ წავიდეთ უვიზო რეჟიმზე, მაგრამ ცოტა უცნაურია, თუ ეს იმ პერიოდში იქნება განხილული, როცა ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, რომელიც, ვიმეორებ, ჩვენ არ გაგვიწყვეტია“, – განაცხადა მან.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, თუმცა მას შემდეგ, 2012 წლის მარტიდან თბილისმა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა „ვიზების შემსუბუქების“ თაობაზე რუსეთის მიერ  უკანასკნელ პერიოდში მიღებულ „ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებას“, თუმცა განაცხადა, რომ ეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება. 

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – სუვერენიტეტის ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად ღებულობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც არაფორმალური დიალოგის ფორმატში 2012 წლის ბოლოდან რეგულარულ შეხვედრებს მართავს ლავროვის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, განაცხადა, რომ  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა „დღის წესრიგში არ დგას“ და „ამ ეტაპზე ვერც დადგება ვერანაირად“.

„სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ალბათ რაღაც ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, – განაცხადა აბაშიძემ 26 იანვარს.

ორმხრივი დიალოგის ფორმატზე საუბრისას, ლავროვმა განაცხადა, რომ  „არსებობს არხი, რომელიც ნებისმიერი საკითხის განხილვის შესაძლებლობას იძლევა  – ეს კარასინი-აბაშიძეა, ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, მათ შორის ჩამოყალიბდა ისეთი სანდო ურთიერთობები, რომლებიც, ვიმეორებ, შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერ საკითხს შეეხონ“. 

მან საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში ასევე ახსენა ჟენევის დისკუსიების ფორმატიც, რომელიც უსაფრთხოების თემებთან ერთად ასევე განიხილავს ჰუმანიტარულ საკითხებს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. მან უარყოფით კონტექსტში ახსენა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თბილისის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ყოველწლიურად ინიცირებადი რეზოლუცია, რომელიც, მისი თქმით, ხელს უშლის ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტას.

„ჟენევის დისკუსიებთან ერთად გვაქვს ასევე ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან. ეს ურთიერთობები ახლა ღრმა გამყინვარებიდან გამოდის – დამყარდა კონტაქტები უწყებების ხაზით, რომლებიც დაკავებულები არიან  ფიტოსანიტარული და სანიტარული საკითხებით, აღდგა ვაჭრობა სასმელებით, საკვები პროდუქტებით“, – განაცხადა მან და ამ კონტექსტში ასევე ახსენა „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით.

„არა მგონია, რომ აქ ბევრი ყვირილი იყოს საჭირო და ამ მოლაპარაკებების ჩაშლას ველოდოთ“, – განაცხადა ლავროვმა, „ჩემი აზრით, ეს პრაგმატული პროცესია, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს პასუხობს, თანაც სომხეთიც იხეირებს. ამიტომ, მე აქ ყველაფერს კომპანიას და ორი ქვეყნის შესაბამის სამინისტროებს დავუტოვებ განსახილველად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გამონახავენ შესაბამის გადაწყვეტილებას“.

მეც, რომ ვთქვა, გახსნილი ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კონტაქტებიც სრულიად შესაძლებელია. პრეზიდენტმა [პუტინმა], როცა მას ამის შესახებ ჰკითხეს, სრულიადაც არ გამორიცხა ამგვარი შესაძლებლობა, თუ ასეთი მომენტი დადგება“, – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან „დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში“ და ამისთვის „ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები“. „ამ საკითხს ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარი“, – დასძინა კვირიკაშვილმა.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური. ამოვდივართ იქიდან, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა გადაიხადოს საფასური თავის რუს მეზობლებთან კავშირების გაწყვეტის გზით, იმ კავშირების, რომლებშიც ქართველებიც და რუსებიც დაინტერესებულები არიან, არ უნდა გადაიხადოს საფასური სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის, ალბათ ეს უსამართლოა“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე საუბრისას და დასძინა, რომ „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის, თავის საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმის, რუს სამშვიდოებზე თავდასხმის შემდეგ სააკაშვილი დაამარცხა რუსეთის ფედერაციამ“. მისი თქმით, ომის შემდეგ „ჩვენ არ გვქონდა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ გვეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა, რათა უზრუნველგვეყო მათი უსაფრთხოება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის გადარჩენა“.