ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ დაეცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა 26 იანვარს მაშინ, როცა ლარი ახალ დაბალ ნიშნულზე კვლავ დაეცა აშშ დოლართან მიმართებით.
ეროვნული ვალუტა, რომელმაც აშშ დოლართან მიმართებაში 2.4694 კურსით გაუფასურების ისტორიული რეკორდი გასულ კვირას მოხსნა, სამშაბათს დღისით 2.535-ად იყიდებოდა, თუმცა საღამოს მისი კურსი უკვე 2.4984-მდე გამყარდა, რაც წინა დღესთან შედარებით 0.24%-იანი გაუფასურებაა აშშ დოლართან მიმართებაში.
ლარმა თავისი ღირებულების 4.2% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან და 25.1% ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლარის უკანასკნელი გაუფასურება „დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა იმავე დღეს, რომ ბოლოდროინდელი გაუფასურება არა საშინაო, არამედ საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული და „ეს არის პირდაპირი შედეგი იმ დევალვაციის, რომელიც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემის გამო“.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. თუმცა მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან კარგ კოორდინაციას“ ეროვნულ ბანკთან.
ლარის გაუფასურება უპირველესად იმ პირებს უმძიმებს ტვირთს, რომელთაც სესხები აშშ დოლარში აქვთ აღებული. საქართველოში მთლიანი სესხების 65%-მდე უცხოურ ვალუტაში, უმთავრესად აშშ დოლარშია გაცემული.
26 იანვარს ეროვნული ბანკის ინტერვენცია უკვე მესამე იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როცა თითოეულ ჯერზე სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ქადაგიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი „წერტილოვან“ ინტერვენციებს ახორციელებს ლარის მკვეთრი მერყეობის შესასუსტებლად.
ეროვნულმა ბანკმა შარშან სულ ცხრა ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 286.96 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
2015 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვები 2.52 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა; ნოემბერში ეს მაჩვენებელი 2.479 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ერთი წლის წინ 2.699 მილიარდი აშშ დოლარი იყო.