გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ტარდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლები 28 იანვარს ახალ გამგებელს ირჩევენ.

რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც ყოფილი გამგებლის გარდაცვალების გამო დაინიშნა, მხოლოდ ორი კანდიდატი იყრის კენჭს – მმართველი კოალიცია ქართული ოცნებიდან  გოჩა ჯამარაული და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი.

დღის 12 საათისთვის, ცესკოს ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობა გარდაბნის ოლქში რეგისტრირებული 71  847 ამომრჩევლის 10.9%-მა მიიღო.

ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ჯამარაული ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1994-2004 წლებში თამაშობდა.

რაც შეეხება ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ის გარდაბნის გამგებლად კენჭს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც იყრიდა და ხმათა 27.8% დააგროვა, თუმცა წააგო ქართული ოცნების აწ გარდაცვლილ კანდიდატთან გელა ნიორაძესთან, რომელიც მაშინ ამომრჩეველთა 56%-მა აირჩია.

საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათისთვის დაიხურება.