ირანის მოქალაქეებისთვის 45-დღიანი უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგება
ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინალური პასპორტის მფლობელებს საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე 45 დღემდე ყოფნის უფლებით სარგებლობა შეეძლებათ, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ოფიციალური ნოტის სახით 8 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ირანის ელჩს აბას თალები ფარს გადასცა.
იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის თანამშრომლობის საკითხებზე ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ „ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება“. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჰასან რუჰანიმ გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ „ვიზების გაუქმებას თანამშრომლობის დონის განვითარება შეუძლია“.
საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტების ზრდას 2010 წელს არსებული, დაახლოებით, 21 300–დან 60 000–მდე 2011 წელს და დაახლოებით, 89 000–მდე 2012 წელს.
თუმცა საქართველომ 2013 წლის ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რასაც ირანიდან საქართველოში ვიზიტების შემცირება მოყვა 2013 წელს არსებული 85 700–დან 47 900–მდე 2014 წელს და 25 200–მდე 2015 წელს.