კვირიკაშვილი ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა 9 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე იმსჯელეს. 

აღნიშნა რა, რომ საქართველო და ევროკავშირი „ნამდვილი პარტნიორები“ არიან, ტუსკმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმება სრულად შევა ძალაში. 

ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უკვე განახორციელეს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელსაც 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი და რომლის დიდი ნაწილი 2014 წლის სექტემბრიდან დროებითი გამოყენების რეჟიმში მოქმედებს. 

„ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში. და შევთანხმდით, რომ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო და ღია და აქტიური პოლიტიკური გარემო წარმატების საწინდარია“, – განაცხადა ტუსკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. 

„სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია და მე ხაზი გავუსვი ევროკავშირის მზაობას დახმარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება და დევნა მტკიცებულებაზე დაფუძნებული, გამჭირვალე და მიუკერძოებელი იყოს, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, „დეტალურად იქნა განხილული“ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის საკითხი. 

ევროკომისიამ განაცხადა დეკემბერში, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ამოცანა შეასრულა და ის „2016 წლის დასაწყისში“ შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცენ. 

ტუსკმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და დასძინა, რომ ახლა წევრი სახელმწიფოების და ევროპარლამენტის ჯერია, რომ „პროცესი წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანონ“. თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი.

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა, რომელმაც ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში 9 თებერვალს დაიწყო, განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა ყველა ტექნიკური მოთხოვნა შესრულებულია, „ვიმედოვნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალე იქნება შემოღებული“. 

მისი თქმით, ეს იქნება „ძლიერი ნიშანი საქართველოსთვის და სხვა პარტნიორებისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს“. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი იზიარებს საქართველოს „წუხილებს რუსეთსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. [სამოკავშირეო] „ხელშეკრულებების“ განხორციელების მიმდინარეობაზე“.