საჯარო რეესტრმა „მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაცია შეაჩერა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესი 30 კალენდარული დღით შეაჩერა, რაც არსებული მოცემულობით იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ტელეკომპანიის დირექტორად კვლავ ბაია გადაბაძე დარჩება იმ ფონზე, როცა მესაკუთრეთა ბრძოლა ვალების მქონე ამ ტელეკომპანიის კონტროლისთვის გრძელდება.

„მაესტროს“ პარტნიორთა კრებამ გენერალური დირექტორი 4 თებერვალს შეცვალა, მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ თავისი სადავო 25%-იანი წილი სხვა ორი მეწილესგან 15-15%-იანი წილების გამოსყიდვის გზით 55%-მდე გაზარდა და ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

თუმცა „მაესტროს“ ახალ დირექტორად გია გაჩეჩილაძის ძმის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნა გააპროტესტა მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ და მან სასამართლოს პარტნიორთა კრების ამ გადაწყვეტილების შეჩერების თხოვნით მიმართა.

გადაბაძე „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელ მაკა ასათიანთან ერთად მოქმედებს, რომლის მეუღლეც, რუსეთში ბიზნესის მქონე კოტე გოგელია ბოლო წლებში არხის ფინანსური მხარდამჭერია და ასევე უმსხვილესი კრედიტორია იმ ვალის ფარგლებში, რომელიც, გადაბაძის ინფორმაციით, აუდიტმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 54 მილიონ ლარად შეაფასა. გადაბაძეს საჯარო განცხადებებში ასევე მხარს უჭერს „მაესტროს“ თანამშრომლების უმეტესობა, რომელთა მთავარი მოთხოვნა მიმდინარე დავის ფონზე არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

გადაბაძემ მისი გადაყენების შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასთან ერთად, 9 თებერვალს ასევე მიმართა საჯარო რეესტრს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დირექტორის ცვლილებაზე გადაწყვეტილება არ მიეღო და სარეგისტრაციო წარმოება შეეჩერებინა.

მოგვიანებით, იმავე დღეს, 9 თებერვალს ლევან გაჩეჩილაძემ ოფიციალურად მიმართა საჯარო რეესტრს „მაესტროს“ დირექტორად მისი დარეგისტრირების თხოვნით.

„შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე. გადაბაძის განცხადების მოთხოვნას“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ“.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანი მიესალმნენ რეესტრის ამ გადაწყვეტილებას, როგორც პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში გადაყვანის შესაძლებლობას.

ამასთან, ბაია გადაბაძემ განაცხადა, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა მენეჯმენტის ცვლილებაზე პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერების თაობაზე, რასაც ის სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.