კვირიკაშვილი 2016 წლის არჩევნების „უმაღლესი სტანდარტებით“ ჩატარების პირობას დებს

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს 11 თებერვალს განუცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „უმაღლესი სტანდარტებით“ უნდა ჩატარდეს. 

მისი თქმით, ეს ერთ–ერთი ის მთავარი საკითხი იყო, რომელიც მან 9–10 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკომისიის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების დროს განიხილა. 

„ჩვენ გავეცით გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენთვის ეს არის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც არის დამახასიათებელი დემოკრატიულ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისთვის, იყოს შესრულებული ჩვენი მხრიდან და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მაღალი სტანდარტით და ძალიან მაღალი მოლოდინების თამასით ელოდებიან ჩვენგან ყველა ამ სტანდარტის შესრულებას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მთელს პოლიტიკურ სივრცეში საქართველოში გავავრცელოთ ეს განწყობა იმისათვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე, ასევე დაექვემდებაროს ამ მაღალ სტანდარტებს“, – განაცხადა მან. 

იმავდროულად, 11 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტის განხილვა დაიწყო, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები უჭერენ მხარს და რომელიც წლევანდელი არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის პროპორციული კომპონენტის შენარჩუნებას და მაჟორიტარული კომპონენტის რეგიონალურ–პროპორციული სისტემით შეცვლას ითვალისწინებს. 

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი პროექტი აქვს, რომლის თანახმადაც, ეს რეფორმა არა წლევანდელი არჩევნებისთვის, არამედ 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა განხორციელდეს. მმართველ კოალიციას პარლამენტში არ ყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატის შემადგენლობით და მისი ეს ინიციატივა ოპოზიციური დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)