ბათუმს ნატო-ს საზღვაო სარდლობის ოთხი ხომალდი სტუმრობს
ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) გემები – ესპანური Tambre და თურქული Edremit ბათუმის პორტში, 2016 წლის 12 თებერვალი. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) ოთხი გემი დღეს დილით ბათუმის პორტში შევიდა ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, სადაც 15 თებერვლამდე დარჩება.
ჯგუფის შემადგენლობაშია საფლაგმანო გემი Cezayirli Gazi Hasan Paşa (თურქეთი) და საზღვაო გამნაღმველი ხომალდები TCG Edremit (თურქეთი), ESPS Tambre (ესპანეთი) და Slt. Alexandru Axente (რუმინეთი).
იტალიური გამნაღმველი Gaeta ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდება, ხოლო 13 თებერვალს ბათუმში ასევე ჩავა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო.
ხმელეთზე ვიზიტის დასრულების შემდეგ SNMCMG2 -ის გემები ჩაატარებენ „წვრთნების სერიას ზღვაზე საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც გაზრდის მათ სამძებრო -სამაშველო, აბორდაჟზე აყვანისა და ტაქტიკური მანევრირების უნარ-ჩვევებს და მისცემს შანსს მეზღვაურებს, თვალყური ადევნონ ერთმანეთის გემებზე მიმდინარე ოპერაციებს ეკიპაჟების გაცვლის მეთოდით“, ნათქვამია გაერთიანებული საზღვაო სარდლობის პრეს–რელიზში.
SNMCMG2 -ის სამი გემი ბათუმს მანამდე 2013 წლის სექტემბერში სტუმრობდა.
„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მეტად პოზიტიურ პარტნიორობას, რომელსაც სათავე დაუდო SNMCMG2 -ის წინა ვიზიტმა ბათუმში 2013 წლის სექტემბერში“, – განაცხადა კონტრ-ადმირალმა ლაციომ, „საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნისა და მჭიდრო თანამშრომლობის ამგვარი შესაძლებლობები აძლიერებს ჩვენი ძალების თავსებადობას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მომავალ თანამშრომლობაში საზღვაო ტერიტორიებზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)