კვირიკაშვილი მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს 13 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარეებმა „ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“ განიხილეს და „ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ, კერძოდ იმაზე, რომ ახალი „აბრეშუმის გზის“ მარშრუტი განავითარონ და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე საქართველო–უკრაინის ერთობლივი სამთავრობოთაშორისი კომისიის რეგულარული სხდომა გამართონ. ამავე ინფორმაციით, განხილვის თემა იყო ასევე საქართველოსა და უკრაინასთან ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებასაც“.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და დაჭრილი უკრაინელი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო კურსების უზრუნველყოფისთვის. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა პოროშენკომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი უკრაინაში მიიწვია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია.
მიუნხენში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთის და სლოვენიის პრეზიდენტებს, ასევე თავის კოლეგებს ნორვეგიიდან და მონტენეგროდან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის. საქართველოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორთან ფატუ ბენსუდასთან.