თბილისი რუსეთიდან დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტს აფხაზეთში დეფიციტის შესავსებად ახორციელებს

თბილისმა და სოხუმმა განაცხადეს, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების მიზნით რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე მოკლევადიანი შეთანხმება დაეხმარება სეპარატისტულ რეგიონს, რომ მან უშუქობის ის პრობლემა დაძლიოს, რომელიც წყლის რესურსების სიმწირემ ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეუქმნა.

სეპარატისტული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში სეპარატისტული აფხაზეთის მხარესაა; შედეგად, ორ მხარეს უკვე წლებია თანამშრომლობა უწევთ რეგიონის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ენგურის წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, რაც ნალექების ნაკლებობამ გამოიწვია და მდინარე ენგურიდან წყლის ნაკადები შეამცირა, აფხაზეთის ელექტროგანამაწილებელ კომპანიას „ჩერნომორენერგოს“ მოუწია აფხაზეთში 25 იანვრიდან ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი გრაფიკი დაეწესებინა წყალსაცავში წყლის დაზოგვის მიზნით.

ენგურის წყალსაცავში წყლის დონე საკონტროლო ნიშნულს მიუახლოვდა, რაც ზღვის დონიდან  420 მეტრია და რომლის ქვემოთაც ელექტროგენერაცია შეჩერდება – სავარაუდოდ, სწორედ ამ ნიშნულს მიაღწევს წყლის დონე თებერვლის ბოლოსთვის.

16 თებერვალს „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგებაში არსებული დეფიციტის აღმოფხვრაზე „აფხაზეთი–რუსეთი–საქართველოს მოლაპარაკებებზე“ იმსჯელეს.

„მხარეებმა რუსეთის ფედერაციაში გამომუშავებული ელექტროენერგიის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწოდების მოდელი შეიმუშავეს“, – განაცხადა „ჩერნომორენერგომ“, „ამან ხელი შეუწყო მარტში ენერგომომარაგების სრული შეჩერების თავიდან აცილებას, ასევე აფხაზეთის სრულმასშტაბიან ენერგომომარაგებას“ გაზაფხულზე წყლის დონის მოსალოდნელ მომატებამდე, როდესაც მდინარე ენგური და მისი შენაკადები თოვლის დნობის შედეგად შეივსება. შემუშავებული მოდელის დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეორე დღეს, 17 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოკლევადიანი შეთანხმება იქნა მიღწეული და განაცხადა, რომ თბილისი დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებს რუსეთიდან, რათა ის აფხაზეთს მიაწოდოს.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად  ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს  შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მთავრობის   პოლიტიკური პასუხისმგებლობაა  ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.  ეს  არის  ჩვენი კეთილი ნება და   მყარი პოზიცია…  სერიოზული  საფრთხე  შეექმნა  ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე. შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე,  აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით,  მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან  დამატებითი მოცულობების შემოტანა , რითაც შექმნილი ვითარება  გარკვეულწილად დარეგულირდა, თუმცა  აქვე უნდა აღინიშნოს,  რომ ამ  პრობლემის   კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში  საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

სამინისტრომ უარი თქვა თხოვნაზე, რომ შეთანხმების მოდელის დეტალები გაემხილა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს თბილისს, თუ საერთოდ მოუწევს, აფხაზეთისთვის მისაწოდებელი დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტისთვის. სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა Civil.ge–ს, რომ ეს „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

ენგურის წყალსაცავში წლის  დონის კლების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ აფხაზეთში მთელი რიგი სპეკულაციები გამოიწვია, მათ შორის ბრალდებები „ჩერნომორენერგოს“  კორუფციული სქემების შესახებ. 9 თებერვალს აფხაზი ჟურნალისტებისთვის ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე ენგურის კაშხალზე პრესტური მოეწყო აფხაზეთში უშუქობის მიზეზებზე არსებული სპეკულაციების გასანეიტრალებლად.
 
2015 წელს აფხაზეთში ენერგომოხმარება 9%–ზე მეტით გაიზარდა; წინა წლებში ზრდა ყოველწლიურად, დაახლოებით, 3–4% იყო.

შინამეურნეობები აფხაზეთში სულ ცოტა 15–ჯერ ნაკლებს იხდიან კილოვატში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფს, გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელთა 30%–ზე ნაკლები იხდის. 

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40%–ზე ბევრად მეტს მოიხმარს, ვინაიდან ეს ყოველთვის იყო თბილისის „პოლიტიკური გადაწყვეტილება“, რომ სეპარატისტული რეგიონისთვის იმდენი ელექტროენერგია მიეწოდებინა ენგურჰესიდან, რამდენიც მას სჭირდებოდა. ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ენგურჰესის მიერ წარმოებულ თითქმის მთლიან ელექტროენერგიას იღებდა, როგორც ქართული და აფხაზური მხარეები აცხადებენ.

მოკლევადიანი გარიგების მიღწევამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებდა, რომ თბილისი აღარ აპირებდა აფხაზეთისთვის მისაწოდებლად რუსეთიდან ელექტროენერგიის შეძენას.

საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაზე, რომელსაც 10 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა უმასპინძლა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა: „ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ იქნება შეზღუდვები და ჩვენ აღარ განვახორციელებთ რუსეთიდან იმპორტს აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. მათ აქვთ შეზღუდვები და სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას აქეთა მომხმარებლების ხარჯზე იმიტომ, რომ მათ აქვთ გაცილებით მეტი მოხმარება [აფხაზეთის დაახლოებით 240 000 მაცხოვრებელს], ვიდრე თბილისს, სადაც მილიონ ნახევრიანი მომხმარებელია. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები აქედან უფასოდ ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. ენგურიდან კი ბატონო… მაგრამ მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩატევა, რომელიც დღეს გააჩნიათ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის შეცვლას ამ ეტაპზე არავინ არ აპირებს“.

ვინაიდან მოკლევადიანი შეთანხმების დეტალები უცნობი რჩება, გაურკვეველია შეიცვალა ეს პოზიცია, თუ რაიმე სხვა შეთანხმება შედგა სეპარატისტული რეგიონის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად.