ტყიბულის მაღაროელები ხელფასების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ

ტყიბულის მაღაროელები უკვე მეთერთმეტე დღეა გაფიცულები არიან და ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ; კომპანია „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის ორ მაღაროს მართავს, აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა „არარეალურია“ ქვანახშირზე მოთხოვნის და ფასის კლების ფონზე.

„საქნახშირი“, რომელსაც 1500 ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მაცხოვრებლები ყავს დასაქმებული, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

ტყიბულის მაღაროელები, რომლებიც 15 თებერვლიდან გაფიცულები არიან, ხელფასების 40%–იან ზრდას ითხოვენ; მათი თქმით, მაღაროებში, სადაც 2009–2014 წლებში 15 თანამშრომელი დაიღუპა სხვადასხვა ინციდენტების დროს, „აუტანელი“ სამუშაო პირობები და დაბალი უსაფრთხოების ნორმებია. მაღაროელები ასევე ითხოვენ, რომ განუახლონ ძველი სამუშაო ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

23 თებერვალს მაღაროელებმა ტყიბულის ადგილობრივი საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური ხელისუფლება გააკრიტიკეს მათი წუხილების უგულებელყოფის გამო; ზოგიერთი გაფიცული მაღაროელი „საქნახშირის“ ეზოში შეიჭრა. გაფიცულებმა ასევე მოუწოდეს შესაბამის სამინისტროებს და საპარლამენტო კომიტეტებს, რომ შუამავლის როლი იკისრონ მუშებსა და „საქნახშირს“ შორის ურთიერთობებში. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა 24 თებერვალს, რომ მისი წარმომადგენლები გაფიცულებს შეხვდნენ, მათ კი კომპანიის წარმომადგენლებთან მოითხოვეს შეხვედრა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებითი დრო ითხოვეს ამ შეხვედრის გამართვამდე.

„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილემ ბეჟან ბალავაძემ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ამჟამად შეუძლებელია ხელფასის 40%–იანი ზრდის თაობაზე მაღაროელების მოთხოვნის დაკმაყოფილება კომპანიის შემოსავლების შემცირების გამო, რაც ქვანახშირის ფასების კლებას უკავშირდება. მისი თქმით, შესაძლებელი იქნებოდა ხელფასების ეტაპობრივი მომატების საკითხის განხილვა, თუმცა მაღაროელებმა ეს შემოთავაზება კატეგორიულად უარყვეს.

25 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ითხოვა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს „ცალსახად შრომითი დავაა“ და მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ არის, „ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება“.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმავე მთავრობის სხდომაზე დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც მაღაროელებს მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ.  

კომპანია „საქნახშირის“ ინფორმაციით, 2014 წელს ქვანახშირის წარმოებამ 350 000 ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა შემოსავალმა 34.3 მილიონ ლარს მიაღწია; 2015 წლის მონაცემები უცნობია; თუმცა კომპანია აცხადებს, რომ დაახლოებით 12 მილიონ ლარს იხდის ყოველწლიურად გადასახადების სახით.

24 თებერვალს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ მზად არის შეთანხმებას მიაღწიოს გაფიცულებთან „რიგ საკითხებზე“, თუმცა ქვანახშირზე დაბალი მოთხოვნის და ფასების კლების გათვალისწინებით, „როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვერ გასცემს არარეალურ დაპირებებს და ვერ გააკეთებს პოპულისტურ განცხადებებს ამ ეტაპზე დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების გაზრდის თაობაზე“.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა მენეჯერმა, ზურაბ გელენიძემ განაცხადა 24 თებერვალს, რომ გაფიცვის თითოეული დღე კიდევ უფრო აშორებს მხარეთა პოზიციებს ერთმანეთს.

კომპანიამ ასევე მოუწოდა მაღაროელებს, რომ შეწყვიტონ „ულტიმატუმების“ ენით საუბარი; გაფიცულები აცხადებენ, რომ კომპანია თავად იყენებს ულტიმატუმის ენას, როდესაც აცხადებს, რომ ის არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში გაფიცვის გაგრძელების პირობებში.

ხუთი წლის წინ, როდესაც ტყიბულის მაღაროელები იგივე მოთხოვნებით გაიფიცნენ, მაშინ გაფიცვა რამდენიმე დღეში მაღაროელებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმებით დასრულდა.

იმავდროულად, ქსნის მინის ტარის ქარხნის თანამშრომლები, რომლის მფლობელიცაა თურქული კომპანია Şişecam, 5 თებერვლიდან გაფიცულები არიან ხელფასების 30%–იანი ზრდის მოთხოვნით.

ამას გარდა, თვის დასაწყისში შპს რუსთავის ფოლადმა, რომელიც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელია, „დროებით“, 10 მარტამდე სამსახურიდან სულ ცოტა 150 მუშა  დაითხოვა, მსოფლიო მასშტაბით ფოლადზე მოთხოვნის კლების მოტივით. ამან საწარმოს თანამშრომლების პროტესტი გამოიწვია, ვინაიდან ისინი შიშობენ, რომ კომპანია იგივე სქემას იყენებს, რომელიც მან რამდენიმე ასეული სხვა თანამშრომლის მიმართ გამოიყენა, რომლებიც ასევე „დროებით“ გაათავისუფლა 2015 წელს, თუმცა აღარ აღადგინა თავიანთ სამუშაო ადგილებზე.

იანვარში „ჯორჯიან მანგანეზმა“, მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ, რომელიც ასევე ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება 2016 წლის 20 მაისამდე შეაჩერა, ბაზარზე მოთხოვნის შემცირების მოტივით. ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების მსგავსად, მანგანუმის მოპოვებაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. კომპანიამ განაცხადა, რომ მუშები ოთხთვიანი წყვეტის პერიოდში თავიანთი ხელფასების 60%–ს მიიღებენ. 2015 წელს ფეროშენადნობთა ექსპორტი თითქმის 32%–ით შემცირდა და 194.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს შარშანდელი მთლიანი ექსპორტის 8.8% იყო.