„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებს შეხვდა სამშაბათს და მათ თანაპარტიელზე, ალექსი პეტრიაშვილზე 26 თებერვალს განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის გამოძიებაზე ესაუბრა.
„მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ გამოძიება წინ მიდის და რეალურად, ეს საქმე არ დარჩება დამნაშავეების დაუსჯელად“, – განუცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდა მისი კიდევ ერთი თანაფრაქციელი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე.
„დეტალებზე საუბარი არ ყოფილა“, – განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ გამოძიების პროცესში შესაძლოა საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით იძიებს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. „თავისუფალი დემოკრატები“ ითხოვენ, რომ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ თხოვნით შემდგარი შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში შსს-მ განაცხადა, რომ „დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება მოხდეს“.
ამავე ცნობით, შს მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მაქსიმალური რესურსია მიმართული სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გონივრულ ვადებში გახსნის მიზნით“ და რომ „მისი ინტერესია, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, რაც შეიძლება, სწრაფად დადგინდეს“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას „დამაიმედებელი“ კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
„რადგან ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა ამ საქმის გახსნა, ნელ-ნელა იმედი მეწურებოდა, რომ შედეგი დაიდება, თუმცა… დღეს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მე ეს იმედი ისევ გამიჩნდა“, – განუცხადა ალასანიამ 29 თებერვლის საღამოს „რუსთავი 2“-ს.
ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, 26 თებერვალს თბილისში მეგობრის საფლავზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. პეტრიაშვილი, რომელსაც სულ ცოტა ორი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, საავადმყოფოში იმყოფება და როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯერჯერობით შსს–ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია თავდამსხმელების ვინაობის ან მოტივების შესახებ.