ევროკომისარი საქართველოსთვის ვიზების გაუქმების ინიციატივაზე
ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი საქართველოსთვის ვიზების გაუქმების ინიციატივაზე საუბრობს 9 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: ევროკავშირი
ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლოა „სამი ან ოთხი თვე“ დასჭირდეთ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების იმ საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა, განაცხადა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.
ევროკომისიამ ოფიციალური წინადადება შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების მიზნით 9 მარტს წარადგინა.
იმისთვის, რომ ეს რეგულაციები ძალაში შევიდეს, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროკომისარმა ავრამოპოლუსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ინიციატივას „მალე“ დაამტკიცებენ.
კითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი პროცესის დასრულება, ავრამოპოლუსმა უპასუხა: „იმედია ყველაფერი მზად იქნება ზაფხულის დასაწყისში“.
მისი თქმით, საკითხის გადასაწყვეტად ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს „სამი ან ოთხი თვე დასჭირდება“.
„ჩვენ ახლა დავიწყეთ პროცედურა და მჯერა, რომ ამ ვადაში მზად ვიქნებით“, – დასძინა ევროკომისარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა „მოულოდნელობა არ არის, რადგანაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ პოზიტიური შეფასება დეკემბერში, როდესაც დავადასტურეთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა“.
„ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მთავრობის ნამდვილად ძლიერი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ევროკომისარმა.
„უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტებს და გააძლიერებს ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის – ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მან.
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი Twitter–ზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში მიესალმა ევროკომისიის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დაიმსახურა, რადგანაც წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები.
Welcome adoption of @EU_Commission proposal to lift #visa requirements for the citizens of #Georgia. 1/3
— Johannes Hahn (@JHahnEU) March 9, 2016
Well deserved as #Georgia successfully met all benchmarks under the #Visa Liberalisation Action Plan. 2/3
— Johannes Hahn (@JHahnEU) March 9, 2016
Visa free travel will facilitate people-to-people contacts +strengthen ties betw. #EU +#Georgia.Hope f. quick adoption by #EP+@EUCouncil.3/3
— Johannes Hahn (@JHahnEU) March 9, 2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე“ საკითხის ინიცირებისთვის, ასევე „ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ და იმედი გამოთქვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესი „ჩქარა წარიმართება“.
„ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის მართლაც ასე პოზიტიურად წარმართვაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა 10 მარტს მთავრობის სხდომაზე საუბრისას და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი“.
მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა Twitter–ზე დაწერა, რომ ვიზალიბერალიზაცია კარგი ნაბიჯია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვისაც, რადგანაც ამ რთულ დროს ეს ევროპის წარმატების ისტორიაა.
.@EU2016NL visa liberalisation is a good step for #Georgia but also the #EU: #GeorgiaVisaFree is a European success story in difficult times
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) March 9, 2016
მიესალმა რა ევროკომისიის განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ძალიან მალე მიიღებენ საკანონმდებლო ინიციატივას.
საქართველოს მსგავსად, ევროკომისიამ ასევე განაცხადა დეკემბერში, რომ ანალოგიურ საკანონმდებლო ინიციატივას ის უკრაინისთვისაც წარადგენდა 2016 წლის დასაწყისში, თუმცა როგორც ჩანს, ეს პროცესი გადაიდო.
როდესაც დიმიტრის ავრამოპოლუსს უკრაინის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „უკრაინა ძალიან ბევრს მუშაობს ყველა ამ საკითხზე იმისათვის, რომ ყველა დასახული ამოცანა შეასრულოს. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ, რომ ჩამონათვალში [სადაც შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნები ფიგურირებენ] უკრაინაც შევიყვანოთ მომდევნო თვეებში“.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის შეასრულოს ყველა კრიტერიუმი და ეს "დროის საკითხია“.
ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბიომეტრიული პასპორტი 2015 წლის ბოლოს მდგომარეობით, დაახლოებით, 776 000 საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა.
უვიზო მიმოსვლა გავრცელდება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე, გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის გარდა.
უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს შეეხებათ, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან. ესენია: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და მალტა.
ეს რეჟიმი ასევე გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც ჯერ არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი; და ასევე იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან, თუმცა შედიან შენგენის ზონაში: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)