პრეზიდენტი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ‘შემაშფოთებელ კლიმატზე’
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა მობილიზებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმის გასახსნელად, თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მსგავი კრიმინალური მენტალიტეტი დაამარცხოს მისი ღიად დაგმობის გზით.
11 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც სავარაუდოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა, YouTube-ზე ანონიმური პირის მიერ მორიგი ვიდეო აიტვირთა, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ინტიმური კადრები იყო ასახული და რომელსაც ასევე მუქარა ახლდა თან. მუქარის ტექსტი სამ პოლიტიკოსს, მათ შორის ერთ ოპოზიციონერს, და ასევე ჟურნალისტს მოუწოდებდა, რომ 31 მარტამდე უარი ეთქვათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას მათაც პირდებოდა.
პრეზიდენტმა ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ კადრების გავრცელებით ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი „შემაშფოთებელია“.
„პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა“, – განაცხადა მარგველაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, „მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა ან მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენ გვერდით, მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს“.
„ამის საბუთად დღეს შემიძლია საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად, მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ახლა იმათ, იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი ამ შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი“, – განაცხადა მან.
„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას: ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აი ამ ამაზრზენ ვიდეოებს – ამაზრზენს იმიტომ კი არა რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ რომ მისი გადაღება არის ამაზრზენი და ავადმყოფი – აი ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება უნდა იცოდეს ამ ადამიანმა, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამ თემის განხილვაში „დილიდან ძალიან აქტიურად ვარ ჩართული“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე ძალოვან უწყებებთან და „მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ყველა თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს“.
„ეფექტი ნამდვილად იქნება“, – განაგრძო მან, „მაგრამ იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადებამ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს, ამით პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რომ ეს ჩვენ შეიძლება გვაინტერესებდეს, რომ მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება ამაში ჩავერთოთ, ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არა მარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ღიად ამ ყველაფრის დაგმობით და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით“.
შემდეგ მან შეხვედრაზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურებას და 19 მარტს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, მიმართა, რომ „ერთად ვიფიქროთ რანაირად მოვიგოთ არა მხოლოდ ბრძოლა კრიმინალთან, არამედ აგრეთვე ბრძოლა ამ კრიმინალურ მენტალიტეტთან რომელიღაც ადამიანების თავში რომ არის და რომ ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას“.
„აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული და ის ნაძირლები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას, იქნებიან დამარცხებულნი და იქნებიან სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დასჯილნი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)