ვენეციის კომისია მაჟორიტარული ოლქების ახალი წესით ფორმირების შესახებ
საქართველოს საარჩევნო კოდექსში მაჟორიტარული ოლქების თაობაზე შეტანილი ცვლილებები „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“ იმისათვის, რომ არჩევნები ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპის პატივისცემით ჩატარდეს, განაცხადა ვენეციის კომისიამ, თუმცა მან იქვე გააკრიტიკა კანონმდებლობა იმის გამო, რომ ის არ განსაზღვრავს ოლქების დაყოფის მეთოდს და იმას, თუ რა კრიტერიუმს ეყრდნობა ოლქებს შორის ამომრჩეველთა დასაშვები რაოდენობიდან გადახრა.
ვენეციის კომისიამ, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) ერთობლივად განიხილა, ასევე „ბევრი დაინტერესებული მხარის“ წუხილები აღნიშნა, ვინაიდან კანონპროექტის მომზადების პროცესს აკლდა „გამჭირვალობა, მიუკერძოებლობა და ფართო ჩართულობა“.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 30–ის საზღვრები კვლავ დაუდგენელი რჩება – როგორც მოსალოდნელია, ეს პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საბოლოოდ დასრულდება.
ინიციატივა საარჩევნო საზღვრების ხელახალი ფორმირების შესახებ კოალიცია ქართულ ოცნებას ეკუთვნის და მისი მიზანი, ერთის მხრივ, არსებული სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნებაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, ხოლო მეორეს მხრივ, ერთმანდატიან ოლქებს შორის დიდი უთანასწორობის აღმოფხვრაა.
2015 წლის მაისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მუნიციპალიტეტებზე მიბმით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი, რადგან ის არღვევდა ხმის თანასწორობის პრინციპს და იმგვარი ცვლილებისკენ მოუწოდა, რომელიც ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობას (ყველაზე მრავალრიცხოვან ოლქში 150 000 ამომრჩეველი, ხოლო მცირერიცხოვანში 6 000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული) მინიმუმამდე დაიყვანდა.
კანონმა, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და რომელსაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იანვარში მოაწერა ხელი, მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა უთანაბრობა ოლქებს შორის პატარა ოლქების შერწყმისა და დიდი ოლქების დაყოფის გზით. კანონმდებლობა ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას იანვარში გადაეგზავნა მას შემდეგ, რაც ის პარლამენტს უკვე მიღებული ჰქონდა.
პარალელურად, პარლამენტმა ასევე შეცვალა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი და ბარიერი 50%-მდე გაზარდა. მანამდე არსებული წესით, საკანონმდებლო ორგანოში არჩეულად ის მაჟორიტარი ითვლებოდა, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებდა, თუმცა არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-სა. ახალი წესის თანახმად, არჩეულად ის მაჟორიტარი ჩაითვლება, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს; თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, მაშინ გამარჯვებული ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მეორე ტურში გამოვლინდება.
ვენეციის კომისიის და ODIHR–ის ერთობლივ დასკვნაში ნათქვამია, რომ ისინი „დადებით შეფასებას აძლევენ ერთმანდატიანი ოლქების ხელახალი ფორმირების და ასევე მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის წევრთა არჩევის ბარიერის თაობაზე განხორციელებულ ცვლილებებს“.
„ოლქების ხელახალ ფორმირებასთან დაკავშირებული ცვლილებები მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს იმისათვის, რომ არჩევნები ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპის პატივისცემით ჩატარდეს. ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობაში უთანასწორობა, რომელიც ადრე ძირს უთხრიდა ხმის მიცემის თანაბრობის პრინციპს, დიდწილად მოგვარებულია ეუთო/ODIHR–ის და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია დასკვნაში.
თუმცა დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსისთვის „შესაძლოა სასარგებლოც იყოს გარკვეული ცვლილებების მიღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ ახალი დებულებების ეფექტურობა, ასევე მათი შესაბამისობა ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან“.
„კერძოდ, ცვლილებები არ შეიცავს კონკრეტულ მეთოდს რის საფუძველზეც ხდება ოლქების ფორმირება… [ცვლილებები] არ აკონკრეტებს [ოლქებს შორის] ამომრჩეველთა რაოდენობაში დასაშვები ნორმიდან გადახრის კრიტერიუმებს და საკმარისად არ განიხილავს როგორ შეიძლება წარიმართოს მომავალში საზღვრების გადახედვის პროცესი“, – აცხადებს ვენეციის კომისია.
რაც შეეხება ოლქების ხელახალი ფორმირების შესახებ ცვლილებების მომზადების პროცესს, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ „შემოთავაზებულ საზღვრებზე მიმდინარე კონსულტაციებს აკლდა ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა, რამაც კიდევ უფრო დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა“.
„დაინტერესებულმა მხარეებმა ასევე გამოთქვეს წუხილები სხვა მნიშვნელოვანი მოსაზრებების უგულებელყოფის მიმართ, როგორიცაა მუნიციპალური დაყოფა, ასევე ისტორიული, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორები და აღნიშნეს, რომ პროცესი შესაძლოა მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იქნას გამოყენებული (gerrymandering – საარჩევნო ოლქების დაყოფა ისეთი შედეგების უზრუნველსაყოფად, რომელიც კონკრეტული პარტიისთვის არის ხელსაყრელი)“, – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის და ODIHR-ის ექსპერტები თებერვალში სტუმრობდნენ თბილისს და პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საქართველოში საარჩევნო სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.
43 ერთმანდატიანი ოლქის საზღვრები კანონით არის უკვე განსაზღვრული, დარჩენილი 30 ოლქის საზღვრები კი დასადგენია და ცესკო მუშაობს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ამ საკითხზე. ცესკომ უნდა გაავლოს საზღვრები თბილისში დაგეგმილ 22 მაჟორიტარულ ოლქს შორის, ქუთაისში 3 ოლქს, ბათუმში ასევე 3 ოლქს შორის და ასევე გაყოს რუსთავი 2 ოლქად. კანონის გარდამავალი დებულების თანახმად, რაც მხოლოდ 2016 წლის არჩევნებისთვის მოქმედებს, ცესკომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები და ნომრები უნდა განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა, რომლებიც შეიძლება დაზუსტდეს 1 ივნისამდე.
„შეზღუდული დრო რჩება იმისათვის, რომ დასრულდეს ოლქების ხელახალი ფორმირება და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მონაწილე და ასევე ამომრჩეველი საკმარისად იყოს ინფორმირებული ყველა ცვლილების თაობაზე“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ, რომლის რეკომენდაციითაც, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები არჩევნებამდე სულ ცოტა ერთი წლით ადრე მაინც უნდა იყოს შეცვლილი.
„დაგვიანებული ცვლილებები შესაძლოა არახელსაყრელი იყოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის და ამდენად, პოლიტიკურ მიკერძოებად ჩაითვალოს. გარდა ამისა, საზღვრების დაგვიანებულმა ფორმირებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემა წარმოშვას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამომრჩეველს არ ქონდეს საკმარისი ინფორმაცია მათ საარჩევნო ოლქებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ“, – ნათქვამია დასკვნაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)