მოსკოვი ‘ანტირუსული’ რიტორიკის წინააღმდეგ თბილისს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ საქართველოს მხრიდან „ანტირუსული გამოხტომების მკვეთრი გააქტიურება“ აზიანებს ორმხრივი ურთიერთობების „ნორმალიზების“ მიმდინარე პროცესს და ასევე „დამღუპველად“ მოქმედებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს.

ამ თემაზე საუბარი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 მარტის განცხადებაში, რომელშიც ასევე გამეორებულია მოსკოვის დიდი ხნის პოზიცია იმ საკითხებზე, რომელიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, რომლის 35-ე რაუნდი 22-23 მარტს იმართება.

ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ. მაშინ მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა თავის კომენტარში, რომ მოსკოვი თავს იკავებს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის, მათ შორის პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის „ანტირუსული რიტორიკის“ პასუხისგან, თუმცა „ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის“.

კარასინი ამ ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატის გარდა, რუსეთს ჟენევის დისკუსიებზეც წარმოადგენს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ის, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ.

„პერიოდი, რომელიც ჟენევის დისკუსიების ამ რაუნდს უძღოდა წინ, ოფიციალური თბილისის მხრიდან ანტირუსული გამოხტომების მკვეთრი გააქტიურებით გამოირჩეოდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მარტს, „ახლახანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს თავიანთ პიარულ ვარჯიშებში დაიცვან ზომიერება, რათა ზიანი არ მიადგეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე პროცესს“.   

„არანაკლებ დამღუპველ გავლენას ახდენს საქართველოს კონფრონტაციული პროპაგანდა ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო უწყებამ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და გააკრიტიკა ეს დოკუმენტი, როგორც „აშკარა ცილისწამება აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, პრაღის მოლაპარაკებებზე კარასინის განცხადებაზე „არაადეკვატური“ პასუხის გაცემის გამო გააკრიტიკა.

„ასეთი ტიპის განცხადებებს, თუ ის პრაღის ფორმატში მოხვდება, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი“, – განაცხადა პრეზიდენტმა 20 მარტს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

„აბაშიძე არის პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელი; მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კარასინსა და აბაშიძეს შორის არაფორმალური დიალოგის მნიშვნელობას, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაიწყო და რომელიც, ძირითადად სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „დიალოგის გაწყვეტას არ მოაქვს არაფერი პოზიტიური“. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პრაღის შეხვედრების მანდატი „დასაზუსტებელია და იქ პოლიტიკურ თემატიკასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს რიტორიკა ქართული მხარის და სხვა თემებთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ამაზე საუბარი არ მიდის“. 

აბაშიძემ განაცხადა 21 მარტს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკამ მისი „გაოცება“ გამოიწვია და დასძინა, რომ პრეზიდენტს ეცოდინებოდა, როგორი პასუხი გასცა მან კარასინს, მის მრჩევლებს რომ უკეთ მიეწოდებინათ ინფორმაცია და ასევე, კრიტიკის გამოთქმამდე იმ წერილობით ანგარიშებს თუ დაეყრდნობოდა, რომლებიც პრაღის თითოეული შეხვედრის შემდეგ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ეგზავნებათ.

აბაშიძემ განაცხადა, რომ როდესაც კარასინმა „ანტირუსული განწყობილების“ საკითხი დააყენა, მან უპასუხა, რომ „ჩვენ კრიტიკას ვერავინ ვერ აგვიკრძალავს, ჩვენ პირს ვერავის ვერ ამოვუკერავთ“.

„ჩვენ მზად ვართ კრიტიკის მოსასმენად, ოღონდ ეს უნდა ხდებოდეს კორექტულობის ფარგლებში და ეს არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა მან, „დიალოგის შეწყვეტა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს…  ჩვენი დიალოგი არანაირად არ ნიშნავს, რომ საქართველომ რაღაც კომპრომისები უნდა გააკეთოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე“.

აბაშიძე–კარასინის დიალოგის ფორმატის გაუქმების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის მოწოდებების საპასუხოდ, პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ფორმატმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნას, არამედ დაეხმარა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებით სვლას, რისი შედეგიცაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და მომავალი ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან.

„ასევე მეკითხებიან ხოლმე, კიდევ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა რუსეთთან დიალოგმა. სჯობს ამის თაობაზე ჰკითხოთ ქართველ გლეხებს, მეღვინეებს, ტრანსპორტის სფეროს კომპანიებს და ათასობით ადამიანს ამ სფეროში, ტურიზმის სექტორში ჩართულ უამრავ ხალხს, ჰკითხეთ ამის შესახებ ფინანსისტებს, თუ რა თანხები შედის ბიუჯეტში ყოველივე ამისგან… რა მოიტანა დიალოგმა? დაუსვით ეს კითხვა იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთში“, – განაცხადა აბაშიძემ.

მას ის სამი ქართველი ჰყავდა მხედველობაში, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ხანგრძლივ სასჯელებს იხდიდნენ და რომლებიც მოსკოვმა საქართველოს 2014 წელს გადმოსცა.

აბაშიძემ განაცხადა, რომ მას კარასინმა პრაღის 16 მარტის შეხვედრაზე უთხრა, რომ რუსეთი საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის გათავისუფლებას აპირებს „უახლოეს მომავალში“, რომლებიც ასევე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში იხდიან სასჯელს; ამას შემდეგ ასევე მოყვება მეოთხე მოქალაქის გათავისუფლება „ახლო მომავალში“. 

აბაშიძემ ასევე დასძინა, რომ რუსეთში საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება პატიმრობაში. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)