ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ფონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა იმ ფონზე, როდესაც ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას განაგრძობს.

ეს ეროვნული ბანკის უკვე მეორე ინტერვენცია იყო 17 მარტის შემდეგ, როდესაც მან 5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა.

17 მარტამდე არსებული წინა შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია შესყიდვის კუთხით განახორციელა, 2014 წლის აგვისტოს ბოლოს იყო, რამდენიმე თვით ადრე, სანამ ლარი 2014 წლის ნოემბერში გაუფასურებას დაიწყებდა – დაახლოებით 1.75–ის ნიშნულიდან 2.4985 ნიშნულამდე 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის.

იანვრის ბოლოდან ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 8.1%–ით გამყარდა და 21 მარტის მდგომარეობით გაცვლითმა კურსმა 2.2953 შეადგინა, რაც 3.2%–იანი გაუფასურებაა ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელთან და 30.8%–იანი შესუსტება 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა იანვარში სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 2015 წლის მანძილზე ლარის მხარდასაჭერად განხორციელებული ცხრა ინტერვენციის შედეგად 286.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

2016 წლის თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2.426 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა თვეს არსებული 2.447 მილიარდი აშშ დოლარისა და ერთი წლით ადრე არსებული 2.469 მილიარდი დოლარისა.