გენერალი ბრიდლავი აცხადებს, რომ წელს საქართველოში ‘უფრო მასშტაბური და უკეთესი’ სამხედრო წვრთნები გაიმართება

ქართულ-ამერიკულ წლევანდელ ერთობლივ სამხედრო სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ ბრიტანელი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას, წვრთნები უფრო დიდხანს გაგრძელდება და შარშანდელთან შედარებით „უფრო მასშტაბური და უკეთესი“ იქნება, განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა 23 მარტს.

გენერალმა ბრიდლავმა, რომელიც ასევე ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია,  თბილისში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სწავლებები „ღირსეული პარტნიორი“ მაისში გაიმართება და სამ კვირას გასტანს.

"„ღირსეული პარტნიორი 2016“ მაისში სამი კვირით შეკრებს სამხედროებს საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გაერთიანებული სამეფოდან, სადაც ისინი ნატოს რეაგირების ძალების შესატყვისად მოემზადებიან“, – განაცხადა მან.

„და ის იქნება უფრო მასშტაბური და უკეთესი, ვიდრე შარშანდელი „ღირსეული პარტნიორი“, – დასძინა მან.

მისი თქმით, ვაშინგტონს და თბილისს „ძალიან ახლო კავშირები“ აქვთ და „საქართველო, რა თქმა უნდა, ღირსეული პარტნიორია“.

შარშანდელი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ ორი კვირა გაგრძელდა და მასში, დაახლოებით, 600–მა ამერიკელმა და ქართველმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ასევე, 14 ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და სწავლებისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის პორტ ვარნადან სატვირთო ბორნის საშუალებით იქნა ტრანსპორტირებული შარშანდელ წვრთნებში მონაწილეობისთვის.

გენერალი ბრიდლავი, რომელიც თბილისში ორდღიანი ვიზიტით 22 მარტს ჩამოვიდა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამშაბათს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.

ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამჟამად ამერიკის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის ფოკუსირებულია ქვეყნის „თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ასევე აშშ–სთან და ნატოსთან საქართველოს შემდგომი თავსებადობის გაღრმავებაზე“.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო რამდენადაც შესაძლებელია მომზადებული იყოს, რომ როგორც კი ნატო მზად იქნება მოქმედებისთვის, საქართველოც მზად დახვდეს ამას“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფების მიმართ.

მიესალმა რა საქართველოს, როგორც ნატოს „ურყევ პარტნიორს“, მან განაცხადა, რომ ქვეყანა „უაღრესად ღირებული“ კონტრიბუტორია საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. საქართველო 870 სამხედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში.

23 მარტს გენერალი ბრიდლავი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებით არის გაყოფილი. მისი თქმით, ის „ქართველი ხალხის უკანონო დაყოფის მოწმე გახდა“.

„როგორც გამბედავმა, მამაცმა [ქართველმა] ერმა თავის თავზე გამოსცადა, რუსეთი განაგრძობს თავის გარშემო საკუთარი იძულებითი და აგრესიული გავლენის გავრცელებას და ახლა ასევე ცდილობს აგრესიული როლი შეასრულოს მსოფლიოს მასშტაბით. რუსეთი ესწრაფვის, რომ საერთაშორისო სისტემის დამკვიდრებული წესები და პრინციპები შეცვალოს, თავისუფალი სამყაროს ერთობა გახლიჩოს და საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“, – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.

„ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განაგრძობს ცვლილებას და სულ უფრო და უფრო ჩახლართული ხდება. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ გამოწვევების წინაშე ვდგავართ ორი მიმართულებიდან – აღმოსავლეთით ჩვენ კიდევ უფრო გააქტიურებულ, აგრესიულ რუსეთს ვუყურებთ, რომელმაც თავად გადაწყვიტა, რომ იყოს მტერი და რომელიც აგრესიულ და ხანგრძლივ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სამხრეთის მიმართულებიდან ევროპას მასობრივი მიგრაციის რთული გამოწვევა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ შექმნილი საფრთხე ემუქრება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)