იზორია: საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გადინება მნიშვნელოვნად შემცირდა
საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად მიემგზავრებიან, მნიშვნელოვნად შემცირდა, განუცხადა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ დეპუტატებს 29 მარტს.
მან ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე გააკეთა.
იზორიამ საკომიტეტო მოსმენაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომლის განხილვაც მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მონაწილეობით.
ანგარიში 2015 წლის აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ეს პირველი ანგარიშია, რომელიც პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარუდგინა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყოფის შედეგად ეს უწყება დეპუტატების წინაშე გახდა ანგარიშვალდებული.
„პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგი არის ის, რომ ბოლო პერიოდში, განსხვავებით წინარე პერიოდისგან, პრაქტიკულად ადგილი არ აქვს გადინებას საქართველოს მოქალაქეებისა“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ ამ დადებით განვითარებას ასევე შეუწყო ხელი კანონმდებლობამ, რომელიც შარშან ზაფხულში იქნა მიღებული.
მას მხედველობაში ის საკანონმდებლო ცვლილებები ჰქონდა, რომლითაც კიდევ უფრო გაფართოვდა საზღვარგარეთ უკანონო სამხედრო დაჯგუფებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული დანაშაულების წრე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, „აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი“ ექსტრემისტულ ჯგუფებში გაწევრიანების მიზნით.
ამავე ანგარიშის თანახმად, „დღეის მდგომარეობით სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება“. იგივე რიცხვი დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნოემბრის ბოლოსაც.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები“.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა. ისლამისტური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცნობიერება მათ სასარგებლოდ გამოიყენონ“, – ნათქვამია ანგარიშში.
იზორიამ განუცხადა დეპუტატებს, რომ „უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა არის გადამწყვეტი“.
„სწორედ ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შედეგად ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოცულობითი სია, რომლითაც შესაძლებელი ხდება იდენტიფიცირება საზღვარზე მათი, ვინც შეიძლება იყოს პოტენციურად ტერორისტი ან საფრთხის მატარებელი – მათზე ვრცელდება მთელ რიგ შემთხვევებში [ქვეყანაში] არ დაშვების რეჟიმი“, – განაცხადა იზორიამ.
თავად ანგარიშში ნათქვამია რომ „კონტრტერორისტული მიმართულებით, შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)