პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის პლენარული სხდომა 30 მარტს კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა, რის გამოც სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, ასევე ვერ მოხერხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშის მოსმენა.

სუს-ის პირველი ანგარიში პლენარულ სხდომაზე უწყების ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს უნდა წარედგინა, რომელიც დღეს ქუთაისის პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა რეგისტრაციის სამი მცდელობის მიუხედევად, რომლის დროსაც პირველ ჯერზე 68, მეორეზე – 67 და მესამეზე – 54 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა ტაბლოზე, პარლამენტმა მუშაობის დაწყება ვერ შეძლო, ვინაიდან ამისთვის სულ მცირე 76 დეპუტატი მაინც უნდა გატარდეს რეგისტრაციაში.

ამის შემდეგ ორი არჩევანი იყო – ან იმავე დღის საღამოს ხელახალი რეგისტრაციის ჩატარება ან სხდომის გადადება. სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან  მანანა კობახიძემ გადაწყვეტილება მეორე არჩევანის სასარგებლოდ გააკეთა და განაცხადა, რომ ვინაიდან დეპუტატების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა საპატიო მიზეზით დღეს მოსალოდნელი არ იყო, პარლამენტის სხდომა 1 აპრილისთვის გადაიდო. 

თუმცა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ის პარასკევს პარლამენტის სხდომას ვერ დაესწრება.

„პარასკევს მე ვერ ჩამოვალ ნამდვილად. ეს წინასწარ იცოდნენ პარლამენტარებმა და მომავალში, ვნახოთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ქუთაისში,  „ჩამობრძანებულიყვნენ, კეთილი ენებათ ყველა პარლამენტარს – ოპოზიციური მხარე იყო თუ ვინც იყო და მოესმინათ. ეს, მე მგონი ჩემი ბრალი არ არის, რომ კვორუმი არ შედგა“.

პარლამენტი გადაწყვეტს, თუ როდის მოუსმინოს პლენარულ სხდომაზე სუს-ის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და რომელიც საკომიტეტო მოსმენებზე 29 მარტს გომელაურის მოადგილემ, ლევან იზორიამ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობა პარლამენტის სხდომის სპეციალურად ჩაშლაში დაადანაშაულა, რათა თავიდან აეცილებინათ გომელაურის მოსმენა იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც მისი შეფასებით, იყო „მოუმზადებელი“ და „არაკომპეტენტური“.  

ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ ანგარიშის განხილვისას „იაფფასიანი შოუს დადგმა“ სურდა.

კანონმდებლობა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, რაც 50 დეპუტატს შეადგენს, შესაძლებლობას აძლევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შესაბამისი მიზეზებისა და საფუძვლების მითითებით დასვას, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთება ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. პროცედურის თანახმად, იმპიჩმენტის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 76 ხმით მიიღება.