სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 4 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართა თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან და აღნიშნა, რომ „ძალზე შეშფოთებულია უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციით“, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ამ ეტაპზე მთავარია შეწყდეს საომარი მოქმედებები და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს“. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციის დეესკალაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი დამოუკიდებელი და თითქმის ანალოგიური განცხადებები გამოაქვეყნა ჯანელიძის სატელეფონო საუბრების შესახებ თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებაში ნათქვამია: „მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება უკიდურესად გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ასევე ესაუბრა თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.
პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა 3 აპრილს მთავრობის, პარლამენტის და უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული კონფლიქტის ესკალაცია განეხილათ, სადაც განახლებული შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
4 აპრილს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოხატა სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო.
„ჩვენ გვინდა, რომ დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)