საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბრისთვის დანიშნა.
პრეზიდენტმა ეს სატელევიოზიო განცხადება სამშაბათს საღამოს მალევე გააკეთა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მორიგი არჩევნები ოქტომბერში ტარდება, თუმცა პრეზიდენტის გადასაწყვეტია კონკრეტული თარიღი, რომელიც არჩევნებამდე არაუგვიანეს 2 თვისა უნდა დაინიშნოს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას კონტრასიგნაციისთვის 6 აპრილს გადაუგზავნის პრემიერ-მინისტრს, რომლის მიერ მხარდაჭერის შემდეგაც დოკუმენტი ძალაში შევა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა არჩევნები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დანიშნა, მიანიშნებს, რომ 8 ოქტომბერი ორმხრივად შეთანხმებული თარიღია.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ნაყოფიერი შეხვედრა“ ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილთან, რომლის დროსაც „მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ“.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, ასევე პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ვიზიტზე აშშ-ში, სადაც ის ახლახანს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეეობის მისაღებად იმყოფებოდა.
შეხვედრის წინ მედიაში გავრცელდა ვარაუდები სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომელიც შესაძლოა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და მთავრობის კიდევ ორ რესპუბლიკელ წევრს – გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხებოდა.
ეს სპეკულაციები უარყო როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ, ისე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრაზე საკადრო ცვლილებების თემაზე საუბარი არ ყოფილა.