რომის პაპი სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს ესტუმრება

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბერის ბოლოს ესტუმრება და შემდეგ აზერბაიჯანში გაემგზავრება, განაცხადა ვატიკანის პრესსამსახურმა 9 აპრილს.

საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტამდე, 24–26 ივნისს პაპი ფრანცისკე სომხეთს ეწვევა, ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

„მიიღო რა მოწვევა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისგან, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესგან და საქართველოს და აზერბაიჯანის სამოქალაქო და რელიგიური ხელმძღვანელობისგან, წმინდა მამა სამოციქულო ვიზიტით ეწვევა კავკასიას და ხსენებულ ორ ქვეყანას 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ესტუმრება“, – განაცხადა ვატიკანის პრესსამსახურმა.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რომის პაპს საქართველოში მოწვევა გასული წლის აპრილში გადასცა, როცა ვატიკანში სტუმრობის დროს პაპ ფრანცისკეს შეხვდა. მისი თქმით, დაგეგმილ ვიზიტი არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

„აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა ფხალაძემ 9 აპრილს, „გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში“. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რომის პაპი ეწვევა. 1999 წლის ნოემბერში საქართველოს პაპი იოანე პავლე II სტუმრობდა.

2014 წლის სექტემბერში წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი თბილისს ესტუმრა – ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში.

მანამდე, 2003 წლის სექტემბერში თბილისს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მაშინდელი მდივანი, ჟან-ლუი ტორანი ეწვია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საქართველოს კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსი უნდა განესაზღვრა. თუმცა ბოლო წუთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ხელი მოეწერა ვატიკანთან ხელშეკრულებაზე. 2011 წელს,  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას ანიჭებს, რითაც, სხვა კონფესიებთან  ერთად, ასევე ისარგებლა საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე განშტოებამ. ვატიკანი მიესალმა ამ კანონმდებლობის მიღებას.