ცხინვალი რუსეთთან შეერთებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვას „აგვისტომდე“ გეგმავს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს, „აგვისტომდე გაიმართება“.
ამგვარი რეფერენდუმის ინიციატივა თიბილოვმა პირველად თებერვალში გაახმოვანა, როცა განაცხადა, რომ ეს უფრო მოქნილი ფორმა იქნება რუსეთთან შეერთებაზე სეპარატისტული რეგიონის „ოცნების“ მისაღწევად, ვიდრე პირდაპირ რეფერენდუმის გამართვა, შევიდნენ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში. რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის იდეა მანამდეც ბევრჯერ წამოუწევიათ სეპარატისტულ რეგიონში – ბოლოს ამას 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ კრემლმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცხინვალთან არ განიხილებოდა.
საინფორმაციო სააგენტო „ტასს“–თან ინტერვიუში, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა, თიბილოვმა გაიმეორა, რომ „მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ გვინდა, რომ სერიოზული პოლიტიკური რისკები შევუქმნათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს“. რეფერენდუმის შემდეგ, განაცხადა მან, ცხინვალი შესაბამის დროს დაელოდება იმისათვის, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონის შეერთების თხოვნით მიმართოს.
„მე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი იტყვის „დიახ“–ს“, – განაცხადა თიბილოვმა, „უკვე განვიხილავთ ვადებს. კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოხდება – აგვისტომდე ვგეგმავთ“.
თიბილოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნოვო–ოგარიოვოს რეზიდენციაში 31 მარტს შეხვდა, მიმდინარე კვირას კვლავ სტუმრობს მოსკოვს, მისი პრესსამსახურის თანახმად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)