საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერებად და გამგებლებად კენჭისყრას დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო  მერებად და გამგებლებად დამოუკიდებელი კანდიდატების კენჭისყრის აკრძალვა. 

მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს უფლებას მერობის და გამგებლების კანდიდატები წარადგინონ.
 
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმებით  გაუმართლებლად იზღუდება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას“. 

სარჩელი სადავო ნორმის წინააღმდეგ ექვსმა მოქალაქემ წარადგინა, რომელთაც სასამართლო მოსმენებზე „სამართლიანი არჩევნები“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდნენ.

დედაქალაქის მერის პირდაპირი არჩევნები 2010 წელს იქნა შემოღებული, ხოლო კიდევ 11 სხვა ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი) ეს წესი 2014 წელს გავრცელდა. ქვეყნის მასშტაბით 59 გამგებელი პირველად პირდაპირი წესით 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს აირჩა. მერების და გამგებლების ყველა ადგილი კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს. მომდევნო ადგილობრივი არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.