პარლამენტის მიერ ნაციონალური მოძრაობის ინიცირებით მიღებული რეზოლუცია მთავრობას მოუწოდებს ‘საფრთხე არ შეექმნას ევროატლანტიკურ ინტეგრაციას’
საქართველოს პარლამენტმა პარასკევს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანიც, მისი ავტორების თანახმად, ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე პოლიტიკური ძალების ერთიანობის დემონსტრირებაა.
რეზოლუცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ავტორობით მომზადდა და რომელსაც რამდენიმე ცვლილების შემდეგ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი, მოუწოდებს მთავრობას „საფრთხე არ შეექმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
სათაურის თანახმად, რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს. პრეამბულაში ხაზგასმულია ქართველი ხალხის „ურყევი არჩევანი“ ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ; აღნიშნულია ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში და ნათქვამია, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას და ყველასთვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებსა და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს“.
მიღებული ტექსტის სარეზოლუციო ნაწილი ოთხი პუნქტისგან შედგება, საიდანაც სამი მოწოდებაა საქართველოს მთავრობისადმი და მხოლოდ ერთი პუნქტის ადრესატია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტები, რომელთა მიმართ მადლიერებაა გამოთქმული ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო.
ამავდროულად, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხე არ შეექმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას „დროულად და სრულფასოვნად განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები“ და „აწარმოოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია და მოახდინოს უვიზოდ მოგზაურობის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება“.
ტექსტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა მას შემდეგ, რაც მისი თავდაპირველი ვერსიის ინიცირება ნაციონალურმა მოძრაობამ დეკემბერში მაშინ მოხდინა, როდესაც პარლამენტმა ცალკე მიმართვა მიიღო ევროკავშირის სტრუქტურებისადმი, რომელშიც საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებისკენ მოუწოდებდა. დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული ამ მიმართვის ავტორები თავისუფალი დემოკრატები იყვნენ და მას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ტექსტზე უთანხმოების გამო, რადგანაც ის არ შეიცავდა მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ არ გადაედგა იმგვარი ნაბიჯები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს დემოკრატიულ განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საფრთხე შეექმნა.
ანალოგიური ფორმულირება იყო ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის პროექტში, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული მუდმივად იყო პლენარული სხდომების დღის წესრიგში და რომელზე დებატებიც პარლამენტში 15 აპრილს გაიმართა. ქართული ოცნება ამ ფორმულირების წინააღმდეგი იყო იმ მიზეზით, რომ ეს მთავრობასთან მიმართებაში „უარყოფით“ დატვირთვას სძენდა ტექსტს და სანაცვლოდ შესთავაზა მისი შეცვლა მთავრობისთვის მოწოდებით, რომ გადაედგა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ხელშემწყობი ნაბიჯები. საბოლოოდ, ნაციონალური მოძრაობა ამ ცვლილებას დათანხმდა და რეზოლუცია 89 ხმით, ერთსულოვნად იქნა მიღებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)