პარტია ქართული ოცნების დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის ახალი უთანხმოება უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებს, რომლებიც უმსხვილეს ფრაქციას ქმნიან პარლამენტში, ჯერ არ გადაუწყვეტიათ დაუჭირონ თუ არა მხარი უზენაესი სასამართლოს წევრობის სამ კანდიდატს, რომლებიც პრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. 

პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტ მარგველაშვილს კონსულტაციებისკენ მოუწოდა მანამ, სანამ მისი წარდგენილი კანდიდატურების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

„კენჭისყრა ჩატარდება, მაგრამ რეალურად ჯერ-ჯერობით მე არ ვარ ჩამოყალიბებული, რომ მაგალითად, ჩვენი ფრაქცია როგორ მისცემს ამ კანდიდატურებს ხმას“, – განაცხადა მან 4 მაისს და დასძინა, რომ მის ფრაქციას პრეზიდენტთან ამ თემაზე კონსულტაციები სურს იმის მიუხედევად, რომ მას ამ კუთხით სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია.

რამდენიმე თვის წინ წარდგენილ კანდიდატებზე კონსულტაციებისკენ ფრაქცია ქართული ოცნების მოწოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო. 
 
“უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს არ ვაჭრობს“, – განუცხადა კახა კოჟორიძემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში 4 მაისს ჟურნალისტებს.

„კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის თუ კულუარული პოლიტიკური შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თებერვალში წარადგინა, ხოლო მარტში კიდევ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა დაასახელა. სამივე კანდიდატთან მიმართებაში საკომიტეტო მოსმენები თითქმის ერთი თვის წინ დასრულდა და მას შემდეგ ეს საკითხი პლენარული სხდომების დღის წესრიგშია შეტანილი, თუმცა კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა. ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ისაუბრეს.

კოჟორიძემ განაცხადა, რომ მისთვის „გაუგებარია“ პარტია ქართული ოცნების დეპუტატების მიერ კონსულტაციების მაშინ მოთხოვნა, როცა  „კანდიდატები პრეზიდენტის მიერ არის უკვე დასახელებული“ და ასევე, „ამ კანდიდატებთან დაკავშირებით საპარლამენტო საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია“.