უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებზე კონსულტაციების გამართვის თაობაზე პარტია ქართული ოცნების დეპუტატების მოწოდების უარყოფის შემდეგ, სამივე კანდიდატმა „არასწორად" შეაფასა მათი გამწესების ირგვლივ „კულუარული გარიგებების“ მოთხოვნა და პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თებერვალში წარადგინა, ხოლო მარტში კიდევ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა დაასახელა. სამივე კანდიდატთან მიმართებაში საკომიტეტო მოსმენები თითქმის ერთი თვის წინ დასრულდა; მას შემდეგ ეს საკითხი პლენარული სხდომების დღის წესრიგშია შეტანილი და კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა.
ამ ფონზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პრეზიდენტს კანდიდატების ირგვლივ კონსულტაციების გამართვისკენ 4 მაისს მოუწოდა, რასაც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ იმავე დღეს უპასუხა, რომ “უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს არ ვაჭრობს“ და ეს თემა არ უნდა გახდეს „კულუარული პოლიტიკური შეთანხმებების“ საგანი.
„გუშინ, პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა“, – განაცხადა ანა დოლიძემ 5 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„არასწორია, როდესაც მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კვალიფიკაციასა თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას“, – განაცხადა მან, „კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, საზოგადოება სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინშია“.
„ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა.
2014 წლის აგვისტოში პარლამენტმა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო, თუმცა ორ თვეში ხელმეორედ წარდგენილ იმავე კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)