მოსკოვი ამერიკულ-ქართულ სამხედრო წვრთნებს ‘პროვოკაციულ ნაბიჯს’ უწოდებს



M1A2 ტიპის ტანკს „აბრამსი“ რკინიგზის ეშელონიდან ტვირთავენ ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახლოს წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობისთვის, 5 მაისი, 2016 წელი. ფოტო: DVIDS

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მოახლოებული ამერიკულ-ქართული სამხედრო წვრთნები, როგორც „პროვოკაციული ნაბიჯი“.

ყოველწლიური წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) 11–26 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება და მასში 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამერიკული არმიის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით პირველად იქნა ტრანსპორტირებული ფოთის პორტში წვრთნებში მონაწილეობისთვის.

„ყურადღება მივაქციეთ 11-26 მაისს მოსალოდნელ ამერიკულ-ქართულ სამხედრო წვრთნებისთვის  „Noble Partner 2016“ მასშტაბურ მზადებას, რომლის მთავარ მიზნებად გაცხადებულია ქართული არმიის მომზადება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის და ‘საქართველოს მიერ ტერიტორიული თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება’. წვრთნების ფარგლებში ასევე ხორციელდება ქმედებათა გამოცდა ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ტექნიკის საქართველოში გადასროლის კუთხით. თუ გასულ წელს ჩაიტანეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ახლა უკვე ბულგარეთიდან ბორნით ტანკები „აბრამსიც“ ჩაიტანეს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე 6 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ნატოელი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ასეთ თანმიმდევრულ ‘ათვისებას’ განვიხილავთ, როგოც პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებული გამწვავებისკენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომელმაც აშშ და მისი მოკავშირეები „თბილისის რევანშისტული მისწრაფებების“ წახალისებაში დაადანაშაულა.

„ამის აშკარად დადასტურებად იქცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ამას წინანდელი საჯარო გამონათქვამები. როგორც ითქვა,  სანამ ‘ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელი რჩება’. მისი შესრულების პირობად სპიკერმა  არა მხოლოდ ‘ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობა’ დაასახელა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიდან პარტნიორების დახმარებაც“, – ნათქვამია განცხადებაში, „ვისურვებდით გაგვეგო, თუ რას ნიშნავს ეს განცხადებები? სხვათა შორის, ისინი 4 მაისს, ზუსტად იმ დღეს გაჟღერდა, როცა ამერიკული ტანკები ფოთის პორტში იტვირთებოდა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა ის განცხადებები, რომლებიც უსუფაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გააკეთა.

„ძალიან ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის კვლავ ოკუპირებული. ჩვენი სახელმწიფო არ არის ჯერჯერობით მთლიანი“, – მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 მაისს ქართველ ჯარისკაცებს, „მაგრამ ეს მისია, მგონი, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გვაძლიერებს, კიდევ უფრო მეტ შემართებას გვმატებს და კიდევ უფრო მეტად გვამხნევებს, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე, პოლიტიკოსებსაც, ჯარისკაცებსაც, მოქალაქეებსაც, ჯერ კიდევ მოსახდელი გვაქვს, ეს არის ყველაზე საპატიო ვალი – სამშობლოს დაცვა, ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა“.

იმავე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარში უსუფაშვილმა განაცხადა: „ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპაციის ქვეშ, შესაბამისად, ქართული შეიარაღებული ძალების და ქართული სახელმწიფოს მისია არის შეუსრულებელი, მაგრამ იგი აუცილებლად შესრულდება. ამის საშუალებას და ამის იმედს ჩვენ გვაძლევს ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების გმირობა, ჩვენი ქართული სახელმწიფოს ძლიერება და ჩვენი პარტნიორები, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ, ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ამ თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გადავწყვეტთ ყველა ამოცანას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)