მარგველაშვილი: ერთნაირი სქესის მქონე პირთა შორის ქორწინების საკონსტიტუციო შეზღუდვა „ქარიშხალია ჭიქაში“

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, „არ არის თემა“ საქართველოში და ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 10 მაისს.

„მე მგონია, რომ ეს არის მოგონილი თემა“, – განაცხადა მან, „რატომ ვიწვევთ ამ ქარიშხალს ჭიქაში? მარტივი პასუხია: იმისთვის, რომ არ გელაპარაკო სამუშაო ადგილებზე, იმისთვის, რომ არ გელაპარაკო განათლებაზე, იმისთვის, რომ არ გელაპარაკო კულტურაზე, იმისთვის, რომ არ გელაპარაკო ოკუპაციაზე“.

„ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი იმიტომ, რომ ჩამოყალიბებულია. საქართველოს მოსახლეობის 99.9% ასე თვლის, რომ მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. საქართველოს კანონმდებლობაში ეს გაწერილია; საქართველოს პარლამენტში ამაზე არსებობს კონსენსუსი – ამაზე ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც გვშია და ოკუპირებულები ვართ? ამაზე არ უნდა წამოგაგდოს პოლიტიკოსმა, რომ გითხრას, რომ ეს მნიშვნელოვანია.. ათასი რამეა კიდევ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან თბილისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც ჰკითხეს უჭერს, თუ არა ის მხარს ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის ქორწინებას.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა პირველად მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის მარტში გაახმოვანა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის 2016 წლის მარტის დასაწყისში კვლავ წამოწია. საკონსტიტუციო ცვლილების  ინიცირება 80–მა დეპუტატმა მოახდინა – მათი უმეტესობა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ასევე თავისუფალი დემოკრატების 8 დეპუტატიდან შვიდი.  რესპუბლიკური პარტია, რომელიც ასევე მმართველი კოალიციის წევრია, გაემიჯნა ინიციატივის წარდგენის პროცესს, თუმცა მისმა ორმა დეპუტატმა მაინც დაუჭირა მხარი კანონპროექტის ინიცირებას.

კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 5 მაისს განიხილა და მას მხარი დაუჭირა. მოსმენის დროს კანონპროექტის თანაავტორმა, ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან, ინიციატივის სასარგებლო არგუმენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა ოჯახების გაძლიერება და ბავშვთა უფლებების დაცვა.

მისი თქმით, ქვეყანაში რთული დემოგრაფიული ვითარებაა და ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბავშვებზე ზრუნვაა საჭირო და სწორედ ბავშვის უფლებაა, რომ მას ჰყავდეს ქალი დედა და კაცი მამა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა „პოპულისტური“ ნაბიჯია საპარლამენტო არჩევნების წინ და მისი მიზანი საქართველოს მეტწილად კონსერვატორული საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაა. უფლებადამცველები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას, ეუბნებოდნენ დეპუტატებს, რომ ეს ინიციატივა ლგბტ თემის შემდგომ მარგინალიზაციას ახდენს და ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შემდგომ გაღვივებას უწყობს ხელს. ლგბტ უფლებების დამცველები ასევე აცხადებენ, რომ ერთნაირი სქესის პირებს შორის ქორწინების უფლება არასდროს ყოფილა მათი დღის წესრიგის მთავარი საკითხი ქვეყანაში, სადაც ლგბტ პირები უფრო მწვავე პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.   
  
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.  

ინიციატივის თანახმად კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი ფორმულირებით უნდა ჩამოყალიბდეს: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას“.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი აზუსტებს, რომ ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“, რაც კრძალავს ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინებას.

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება; ამასთან საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით მიიღება იმ დათქმით, რომ  კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ სამი თვის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)