ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სიის ათეული წარადგინა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორშაბათს საარჩევნო სიის პირველი ათეული და დამატებით დეპუტატობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი წარმოადგინა, რომლებიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
სიის პირველი ათეული, რომელშიც ასევე შედიან ნაციონალური მოძრაობის ორი მოქმედი დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ყოფილი საჯარო მოხელეები და დიპლომატები, ქვეყნისთვის საჭირო – „განახლებისა და ახალი ენერგიის“ მაჩვენებელია, განაცხადა ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ გამართულ პრეზენტაციაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც საარჩევნო სიას ლიდერობს.
არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.
იმ კანდიდატებს, რომლებიც თავიანთი პარტიული სიის სათავეში არიან, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ, თუ მათი პარტია ან საარჩევნო ბლოკი 5%–იან ბარიერს გადალახავს.
2012 წლის არჩევნების მსგავსად, სიას კვლავ დეპუტატი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უძღვება, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 21.72% მიიღო.
მეორე მოქმედი დეპუტატი, რომელიც პირველ ათეულში შედის, ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანია, რომელიც დასახელებულ სიაში მეათეა.
ბაქრაძის შემდეგ მოდის ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალების მთავრობაში ევროპასა და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
სერგი კაპანაძე საქართველოს რეფორმების ასოციაციის კიდევ ერთი დამფუძნებელია, რომელიც ასევე შევიდა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში მეცხრე ნომრად. 2009 წლის დასაწყისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
რომან გოცირიძეს, 2005–2007 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და შემდგომ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში, მესამე ადგილი უკავია სიაში. სანამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდებოდა, იგი პარლამენტის წევრი და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო წელიწადზე ოდნავ მეტი ხნით; ის რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, ვიდრე რესპუბლიკელები 2004 წლის ივნისში ნაციონალური მოძრაობის მმართველ კოალიციას დატოვებდნენ. მაშინ გოცირიძემ გადაწყვიტა დარჩენილიყო ნაციონალურ მოძრაობასთან და ცხრა თვის შემდეგ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა.
სიის მეოთხე ნომერი ნიკა მელიაა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი იყო; მან ხმების 28% მიიღო და ის ქართული ოცნების კანდიდატმა, დავით ნარმანიამ დაამარცხა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი ტუღუში სიის მეხუთე ნომერია. 2009 წლიდან ის სახალხო დამცველი იყო, სანამ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების მინისტრი გახდებოდა. ამ თანამდებობაზე ტუღუში მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ციხის სკანდალის შემდეგ დანიშნა და მან ამ პოსტზე ცოტა ხანს იმსახურა, სანამ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა.
სიის მეექვსე ნომერი ოთარ კახიძეა, თბილისის იურიდიული კომპანიის BGI Legal–ის პარტნიორი; 2009 წლიდან მოყოლებული მან იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოსტებზე იმსახურა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამდე, იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიც ეკავა რამდენიმე თვით. როგორც პრაქტიკოსი იურისტი, ის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი იყო, მათ შორის ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერესებს იცავდა.
სალომე სამადაშვილი, რომელიც 2005–2013 წლებში საქართველოს ელჩი იყო ევროკავშირში, მეშვიდეა სიაში; შემდეგ მოდის თბილისის ყოფილი ვიცე–მერი ირაკლი აბესაძე, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან.
ათეულთან ერთად, დავით ბაქრაძემ კონკრეტული ნუმერაციის მითითების გარეშე ასევე დაასახელა რამდენიმე სხვა კანდიდატი, რომლებიც ასევე შევლენ სიაში: ლელა ქებურია, განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი; დიმიტრი ძაგნიძე, იურისტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო 2012–2013 წლებში, მანამდე კი იუსტიციის მინისტრი მოადგილედ მუშაობდა; სოფიო სიუკაევა, თერჯოლის საკრებულოს წევრი; ნინო კვიტაიშვილი, საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი; მარიამ რამინაშვილი, თბილისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, და ბესო წერედიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.
პრეზენტაციაზე ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა შესთავაზებს ამომრჩევლებს უფრო დაბალ გადასახადებს, ფინანსური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურ დახმარებას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ასევე პენსიების 50 ლარით გაზრდას.
"ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს იმისთვის, რომ წერტილი დავუსვათ ამ ქვეყანაში დაპირისპირებას და შურისძიებას", – განაცხადა მან.