ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ფონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა იმ ფონზე, როდესაც ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას განაგრძობს.

სამშაბათს საღამოსთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.1878–ს შეადგენდა, რაც 9%–იანი გამყარებაა წლის დასაწყისიდან და 7.4%–იანი გამყარება 2015 წლის მაისთან შედარებით.

ეს ეროვნული ბანკის უკვე მერვე ინტერვენციაა შესყიდვის მხრივ მარტის შუა რიცხვების შემდეგ. 17 მარტიდან 17 მაისამდე პერიოდში განხორციელებული რვა ინტერვენციის დროს ეროვნულმა ბანკმა სულ 115 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით, 1.75–ის ნიშნულიდან და 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

2015 წლის მანძილზე ლარის მხარდასაჭერად განხორციელებული ცხრა ინტერვენციის შედეგად 286.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

2016 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2.456 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა,  რაც ოდნავ აღემატება წინა თვის მაჩვენებელს და მეტია ერთი წლით ადრე არსებულ 2.43 მილიარდ დოლარზე.