ქართული ოცნება შვიდ, ნაციონალური მოძრაობა კი ორ მაჟორიტარული მანდატს იგებს ადგილობრივ შუალედურ არჩევნებში
მმართველი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ორის გარდა ყველა მაჟორიტარულ მანდატს იგებს საქართველოს მასშტაბით 22 მაისს გამართულ ადგილობრივ შუალედურ არჩევნებში, რომლის შედეგადაც სულ საკრებულოების ცხრა ახალი წევრი ირჩევა.
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ცხრა მაჟორიტარული ოლიდან კანდიდატები მხოლოდ ოთხში წარადგინა, წინასწარი მონაცემებით, ორ მანდატს იგებს – ერთს ზუგდიდის საკრებულოში და მეორეს ოზურგეთის საკრებულოში.
ზუგდიდში კორცხელის ერთმანდატიან ოლქში, სადაც ხელჩართული ჩხუბი მოხდა საარჩევნო უბნის გარეთ, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი სცემეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სულ რაღაც 10 ხმით უსწრებს ქართული ოცნების კანდიდატს, რომელმაც 613 ხმა დააგროვა. პარტია თავისუფალი საქართველოს მიერ წარდგენილმა მესამე კანდიდატმა 16 ხმა მიიღო.
კორცხელის ბიულეტენები, სადაც ლიდერ კანდიდატებს შორის მიღებულ ხმებში მცირე სხვაობა დაფიქსირდა, რამდენჯერმე იქნა გადათვლილი, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში კორცხელში, სადაც ნაციონალურ მოძრაობას იგივე კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი, მაშინ ის 47 ხმით დამარცხდა კონკურენტთან ქართული ოცნებიდან.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დიდი უპირატესობით, 714 ხმით 484-ის წინააღმდეგ დაამარცხა პარტია ქართული ოცნების კანდიდატი ოზურგეთის ნასაკირალის ერთმანდატიან ოლქში, სადაც სულ 2 073 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და მხოლოდ ეს ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს.
კორცხელის მსგავსად, ნაციონალურ მოძრაობას ნასაკირალშიც იგივე კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი, ვინც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში იყრიდა კენჭს, მაგრამ მაშინ ქართული ოცნების კანდიდატთან 235 ხმით დამარცხდა.
ქართული ოცნების კანდიდატმა წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარული მანდატი მოიგო 1 245 ხმით, მისმა უახლოესმა კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან კი 598 ხმა მიიღო. ამავე ოლქში მესამე კანდიდატმა ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატებიდან 93 ხმა დააგროვა.
ქართულმა ოცნებამ კასპის საკრებულოში 825 ხმით მოიგო მანდატი მეტეხის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დაამარცხა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, რომელმაც 340 ხმა მიიღო. მესამე კანდიდატმა პარტია სახალხო ხელისუფლებიდან 95 ხმა დააგროვა.
ქართული ოცნების კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგეს გარდაბნის ორ მაჟორიტარულ ოლქში, ასევე ქალაქ ოზურგეთსა და თბილისში გლდანის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნებში. ამ ოლქებში მათი მოწინააღმდეგეები ან დამოუკიდებელი ანდაც ორი პატარა პარტიის კანდიდატები იყვნენ.
ქართულმა ოცნებამ ასევე მოიგო ხობში ყულევის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში, სადაც რეგისტრირებულ 244 ამომრჩეველს უკონკურენტო არჩევანის გაკეთება მოუწია.