ნაციონალი მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები ზუგდიდის საარჩევნო უბანთან შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სცემეს
ზუგდიდში არსებული ტელეკომპანია ოდიშის ვიდეომასალა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერი და აქტივისტი სცემეს ხელჩართული ჩხუბის დროს, რომელიც სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის მახლობლად ზუგდიდის საკრებულოში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამართული შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას 22 მაისს მოხდა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომლის დამკვირვებლებიც შუალედურ არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებდნენ, განაცხადა: „ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მოთხოვნა ენმ-ს წევრებმა არ შეასრულეს, რის შემდეგაც აქტივისტები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“.
სატელევიზიო კადრებში ჩანს, როგორ ჩხუბობს ათობით ადამიანი სოფელ კორცხელში; ერთ–ერთ კადრში ჩანს, როგორ სცემს რამდენიმე მამაკაცი ნიკა მელიას, ხოლო სხვა კადრში ასევე ჩანს, სახეში დარტყმის შემდეგ როგორ დაადგეს მიწაზე ბოკერია.
რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს და მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ, ხელში ეკავათ ხის ჯოხები. ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი დასისხლიანებული აქტივისტიც ჩანს კადრებში.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილი დატოვა, ქართული ოცნების აქტივისტები ყვიროდნენ, რომ მკვლელებისთვის სკოლაში, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, ადგილი არ არის.
„სამართლიანი არჩევნების“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა, რომლებიც ასევე ახორციელებდნენ მონიტორინგს, განაცხადეს, რომ ჩხუბის დაწყების დროს ადგილზე მხოლოდ მცირე რაოდენობის პოლიციელები იმყოფებოდნენ და მათ ვერ აღკვეთეს ინციდენტი. პოლიციელების დამატებითი შემადგენლობა, მათი თქმით, მოგვიანებით მივიდა ინციდენტის ადგილას.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ფიზიკურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, „პირადად პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს და მის მბრძანებელს, ბიძინა ივანიშვილს“.
„არათუ ვინმე არ არის დაკავებული, არამედ ახლაც ისინი დგანან საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა მან კვირას, „ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნების პერსპექტივისთვის ამ ქვეყანაში. ეს არის კატასტროფული ვითარება და თუ ჩვენ ამ ვითარებით მივედით 2016 წლის არჩევნებამდე, ჩვენ, მთელი ქვეყანა, ამ ხელისუფლების გამო გადავიჩეხებით ჩიხში“.
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც ენერგეტიკის მინისტრია, ნაციონალური მოძრაობა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში, პროვოკაციის მოწყობასა და ხალხის გაღიზიანებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან … ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა კალაძემ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ და საიამ მოუწოდეს სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაუყონებლივ გამოიძიონ ინციდენტი და დამნაშავეები დასაჯონ.
კორცხელის ერთმანდატიანი ოლქის გარდა, შუალედური არჩევნები ასევე გაიმართა ქვეყნის მასშტაბით კიდევ რვა სხვა ერთმანდატიან ოლქში საკრებულოებში ვაკანტური ადგილების შესავსებად.
პარტია ქართულ ოცნებას ცხრავე ოლქში ჰყავდა კანდიდატები, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას ოთხ ოლქში.