პოლიციამ კორცხელის ძალადობაში მონაწილე პირები დაკითხა, თუმცა ბრალი არ წარუდგენია

ექვსი პირი, რომლებიც სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების და აქტივისტების ცემაში მონაწილეობდნენ, 24 მაისს გვიან პოლიციამ დაკითხა, თუმცა ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენია.      

პოლიციის რეაგირება ინციდენტზე და ის ფაქტი, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობის აღკვეთა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. სამი დღის წინ მომხდარ ხელჩართულ ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის დროსაც  ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი საარჩევნო უბნის წინ მობილიზებულმა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა და წევრებმა სცემეს შემთხვევის ადგილზე არავინ დაუკავებიათ. მომხდარი რამდენიმე ტელევიზიამ კამერით გადაიღო.

„სპორტსმენები იყვნენ თავიანთი ნებით გამოცხადებულები. ისინი დაიკითხნენ მოწმის სახით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ.

ქართული ოცნების ლიდერების პოზიციის მსგავსად, ეს პირები აცხადებენ, რომ ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებული იყო.

ვლადიმერ გეგეშიძე, ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავემ, რომელიც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობდა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ცემაშიც მიიღო მონაწილეობა, განუცხადა  ჟურნალისტებს დაკითხვაზე შესვლამდე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს. მან ასევე დასძინა, რომ ის ქართული ოცნების „აქტიური მხარდამჭერია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ინციდენტში მონაწილე პირების ნათესავები, მეგობრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ არ დაეკავებინათ ისინი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა 24 მაისს, რომ პოლიცია მიმართავს სასამართლოს, რათა ინციდენტში იდენტიფიცირებულ პირთა დასაკავებლად ნებართვა გასცეს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 23 მაისს, რომ „ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას“.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.